ხაშურისა და ქარელის მე-16 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

admin
ავტ.: admin ნოემბერი 21, 2020 10:07

ხაშურისა და ქარელის მე-16 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ტარდება. ნომერ მე-16 საარჩევნო ოლქში 112-ვე უბანი გახსნილია. აქედან სამი არის სპეცუბანი, სადაც კოვიდინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი 150-მდე პირია რეგისტრირებული.

ოლქში სულ 103 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რეგიონში ყველაზე მაღალი აქტივობით პირველ ტურში სწორედ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი გამოირჩეოდა. პირველ ტურში, რეგისტრირებული ამომრჩევლის 58.5%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 17 კანდიდატიდან 50-პროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

პირველი ტურის შედეგებით, მეორე ტურში ორი კანდიდატი გავიდა – „ქართული ოცნებიდან“ ზაალ დუგლაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი ნატო ჩხეიძე. ამასთან, ნატო ჩხეიძემ უარი თქვა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, თუმცა მისი საარჩევნო რეგისტრაცია არ გაუქმებულა.

საარჩევნო პროცესს უბნებზე შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება. კომისიის წევრები გაიწვია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“.

ნომერ მე-16 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა უბანი წესის დაცვით გაიხსნა და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ყველა უბანი წესის დაცვით გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ოლქში 112-ვე უბანი გახსნილია. აქედან სამი არის სპეცუბანი, სადაც კოვიდინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან რეგისტრირებული. რაც შეეხება დამკვირვებლებს, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება საარჩევნო პროცესს უბნებზე“, – განაცხადა მე-16 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ, იმედო ლაცაბიძემ.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ნომერ მე-16 ოლქში შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ ხმების 48.43 პროცენტი მიიღო. საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა, ნატო ჩხეიძემ ხმების 31.5 პროცენტი აიღო და ეს 5 949 ამომრჩეველია.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 21, 2020 10:07