ხაშოგის საქმე: ევროპარლამენტი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ ევროპარლამენტმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდების ემბარგოს შესახებ წინადადება წამოაყენა. რეზოლუციაში, რომელიც 25 ოქტომბერს მიიღეს, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს მოუწოდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიცია შეიმუშაონ – “დოიჩე ველე” წერს.
პარლამენტარებმა დაგმეს ხაშოგის მკვლელობა და იქვე მიანიშნეს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მოჰამედ ბენ სალმანს ინფორმაცია ჰქონდა.

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბენ სალმანმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას, რომელიც საუდის არაბეთის საკონსულოში, თურქეთში მოხდა, “ამაზრზენი ინციდენტი” უწოდა. ამ დანაშაულს გამართლება არა აქვს და ის ყველა საუდელისთვის მძიმეა – სალმანმა ინვესტორთა საერთაშორისო კონფერენციაზე 24 ოქტომბერს თქვა. პრინცმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ საქმის გამოძიება დასრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ. ამასთანავე, აღნიშნულ საქმეში ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მკვლელობაში პრინც სალმანის გარემოცვაა გარეული.

საუდის არაბეთმა ჟურნალისტის მკვლელობა მსოფლიო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ 22 ოქტომბერს აღიარა და მას შემთხვევითი მკვლელობა უწოდა, დღეს კი ქვეყნის პროკურატურამ გაავრცელა, რომ ხაშოგის მკვლელობა წინასწარ იყო განზრახული.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაოლეგ სენცოვს სახაროვის სახელობის პრემია მიანიჭეს