ხან აცხადებთ ტექნიკურ შესვენებას, ხან არა, ასე არ გამოვა – კამათი ბოკუჩავასა და ჩუგოშვილს შორის

ხმაური პარლამენტის სხდომათა დარბაზში – ოპოზიციის უკმაყოფილება რეგლამენტთან დაკავშირებულმა საკითხმა გამოიწვია. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ინტერპელაციის წესით მიწვეული ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლის შემდეგ, შესვენება არ გამოაცხადა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ კი პარლამენტის ვიცესპიკერი ამის გამო გააკრიტიკა.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ინტერპელაციის წესით მოწვეული ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მისამართით შეკითხვა უნდა დასმულიყო, თუმცა განმარტა, რომ შეკითხვის ავტორი, კობა ნაყოფია დარბაზში არ იმყოფებოდა.

თინათინ ბოკუჩავამ თამარ ჩუგოშვილს განმარტების გაკეთება მოსთხოვა, თუ რატომ არ გამოაცხადა შესვენება გამოსვლებს შორის.

„ტექნიკური შესვენება ხუთწუთიანი ხომ უნდა გამოცხადებულიყო სხვადასხვა გამომსვლელს შორის, ინტერპელაციაზე ვინც არიან მოწვეულები, ასე აკეთბთ ხოლმე. ძალიაინ ბევრი ბუნდოვანება არის ამ პროცედურაში და ამან გამოიწვია ძალიან ბევრი დეპუტატის გულისწყრომა პირადად თქვენ მიმართ, იმიტომ, რომ თქვენ ბრძანდებით ავტორი დიდწილად ამ რეგლამენტი და შესაბამისად, თქვენი უპირველესი ვალდებულება იქნებოდა ის, რომ დღესაც ცოტა უფრო ნათელი ყოფილიყო წესები, რითაც ხელმძღვანელობთ ინტერპელაციის დროს. ხან აცხადებთ ტექნიკურ შესვენებას, ხან არა, ხან 30 წამს გვაძლევთ და თქვენ საუბრობთ 10 წუთის განმავლობაში, არ გამოვა ასე უბრალოდ ამ პროცედურის წაყვანა. რომ გამოგეცხადებინათ ტექნიკური შესვენება, ამ კითხვის ავტორი, ვინც თქვენ თავად გამოაცხადეთ, იქნებოდა ადგილზე,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ჩუგოშვილის თქმით, სხდომის წამყვანს არ აქვს ვალდებულება, რომ გამომსვლელებს შორის ტექნიკური შესვენება გამოაცხადოს.

„სანამ მე დამადანაშაულებთ, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, რომ მობრძანდეთ სხდომათა დარბაზში და რომ იბარებთ თანამდებობის პირს, ჯერ თქვენ თვითონ შემობრძანდეთ, კითხვა თუ გაქვთ. ქალბატონო თინა, თქვენი დაბარებულია თამარ ჟვანია და ერთი ადამიანი რომ ზის ფრაქციიდან დარბაზში, მე ნუ მთხოვთ ამაზე პასუხს, თუ შეიძლება. დამშვიდდით, ქალბატონო თინა, ნუ ნერვიულობთ. დიდი დრო გჭირდებათ კიდევ ყვირილისთვის ადგილიდან? გააგრძელეთ, გისმენთ,“- აღნიშნა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა მიწით იყო დაინტერესებული „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ და რატომ – ქობულიას კომენტარი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – დღეს ინტერპელაციაზე სისულელეების კასკადი მოვისმინეთ