რა მიწით იყო დაინტერესებული „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ და რატომ – ქობულიას კომენტარი

„პრაქტიკულად, გაურკვეველია, რაზეა საუბარი; ჩემს დროს არანაირი პროცესი არ ყოფილა დაწყებული“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

თუ პროცესი ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრობის დროს არაა დაწყებული, იყო თუ არა საქმის კურსში მისი წინამორბედი გიორგი ქობულია, მაგრამ არსებული საჯარო ბრძანებების და ინფორმაციებზე დაყრდნობით, ყოფილ მინისტრს კონკრეტული კომენტარის გაკეთება უჭირს.

კერძოდ, გიორგი ქობულიასთვიას გაუგებარია, რა პირობებზეა საუბარი ან რა ტერიტორიაზე.

„დოკუმენტები, რომელიც საჯაროა, საერთოდ, არაფერს მეუბნება; ასევე, მთავარი, რაც უნდა იყოს მოძიებული, რომ გავიგოთ, რაზეა საუბარი – უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს დანართი #1, რომელიც ერთვის სააგენტოს უფროსის გრიგოლ კაკაურიძის 2 მაისის ბრძანებას; ამ დანართის გარეშე, ამ დოკუმენტს არანაირი აზრი არ აქვს. ეს დოკუმენტი ამბობს, რომ ვამტკიცებ, რაღაცა პირობებს რაღაცაზე და რაზე, ეს არ ჩანს… ესაა მთავარი. ვინ მიმართა საერთოდ ამ ადამიანს (გრიგოლ კაკაურიძეს); შესაძლებელია, ფოთის მერიამ მიმართა, იქნებ ფოთის პორტმა მიმართა? მე არ ვიცი… შეიძლება მიმართეს, რა პირობებით შეიძლება აშენდეს ფოთში ახალი ნავსადგური და ამაზე გაეცა პასუხი და ა.შ. მე ვარიანტებზე ვსაუბრობ…“, – განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, გუშინ, მას შემდეგ, რაც ქობულიას გვარიც გაჟღერდა ამ საქმეში, მეტი დეტალის გარკვევის მიზნით, ის გრიგოლ კაკაურიძესთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ სააგენტოს ყოფილმა უფროსმა მის ზარებს არ უპასუხა.

ამასთან, გიორგი ქობულიამ განაცხადა ისიც, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ პორტის გაფართოებით იყო დაინტერესებული და მისი მინისტრობის პერიოდში საუბარი მიდიოდა, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთზე, მაგრამ ყოფილ მინისტრს არ აქვს ინფორმაცია, წინასწარი ნებართვა, რომელიც 2 მაისს გრიგოლ კაკაურიძემ გასცა, ეხება თუ არა ამ ტერიტორიას.

„რა მიწებზეა საუბრი, ვის მიწაზეა საუბარი, ესეც ვერ გავიგე – იქაა სახელმწიფოს მიწები, ასევე „ეიპიემის“ მფლობელობაში არსებული მიწები და საერთოდ, დაურეგისტრირებელი მიწები, რომელიც არაა სახელმწიფოს ბალანსზეც ანუ საიდან გაჩნდა ეს მიწა? – ქვიშა ხომ მოაქვს ზღვას და 5 თუ 10 მეტრი ზღვისპირა ზოლი გაჩნდა ბუნებრივად; წარმოიქმნა ეს მიწა და „ეიპიემ ტერმინალის“ მიწას მიემატა 5-10 მეტრი, რომელიც არაა დარეგისტრირებული და სახელმწიფო ბალანსზეც არაა. გამომდინარე იქიდან, რომ „ეიპიემ ტერმინალსის“ სურვილი იყო გაფართოება, მათ ინტერესში შედიოდა, რომ ეს მიწა ჯერ სახელმწიფოს დაერეგისტრირებინა და შემდეგ პრივატიზაციის გზით, მათ მიეღოთ სარგებლობაში, რათა უკვე საკუთრებაში არსებული მიწის გაერთიანებით, გაეკეთებიანთ დაღრმავებები და გაეფართოებინათ ტერმინალი; ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ გვინდა, გავაღრმავოთ და გავაფართოოთ ჩვენი საკონტეინერო ტერმინალიო… მაგრამ მე არ ვიცი, ეს მიწა დაირეგისტრირა თუ არა სახელმწიფომ და ასევე, საერთოდ ამ მიწაზე არის თუ არა საუბარი და რამე კავშირში არის თუ არა ეს ტერიტორია 2 მაისის ბრძანებაში ნახსენებ მიწის ნაკვეთთან“, – განაცხადა ქობულიამ.

ყოფილმა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ მართალია, ამ მიწის ზოლის სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირებაზე იყო საუბარი, რაც ბუნებრივად გასაკეთებელი იყო, მაგრამ ამ მიწის გამოყენების არანაირ პირობებზე, თან გრიგოლ კაკაურიძის ჩართულობით, არანაირი პროცესი არ მიმდინარეობდა და საუბარიც არ ყოფილა.

წყარო: bm.ge

banner
წინა სტატიაში,, ასეულ ადამიანს შესაძლოა, არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება”
შემდეგი სტატიახან აცხადებთ ტექნიკურ შესვენებას, ხან არა, ასე არ გამოვა – კამათი ბოკუჩავასა და ჩუგოშვილს შორის