კატრინ კოლონა აცხადებს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის მიერ სწრაფი პროცედურების გავლას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის მიერ სწრაფი პროცედურების გავლას.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა.

„ჩვენ ვემხრობით, რომ უკრაინამ გაიაროს სწრაფი პროცედურა. უკრაინამ გააკეთა განაცხადი გაწევრიანებაზე, კანდიდატობაზე, ეს ლეგიტიმური განაცხადია. ივნისის ბოლოს მას განიხილავენ ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურები. უახლოეს დღეებში, ივნისის შუა რიცხვებში იქნება ევროკომისიის საექსპერტო დასკვნა. ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს დასკვნა, მაგრამ ჩვენ ყველა ვმუშაობთ, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის იყოს ერთსულოვნება და ყველა კრიტერიუმიდან და ძალიან მკაფიო პირობებიდან გამომდინარე, ეს განაცხადი მიიღებულ იქნას ევროკომისიის დასკვნის მიხედვით“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ევროპული პოლიტიკური სივრცის“ შექმნის შესახებ ემანუილ მაკრონის ინიციატივაზეც ისაუბრა.

„ევროკავშირის ფარგლებში დღეს გვსურს, შემოგთავაზოთ გაძლიერებული თანამშრომლობის გარანტიები, „ევროპული სივრცე“, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის ქვეინსტიტუტი ან ალტერნატივა, არამედ მხოლოდ დამატებითი მექანიზმია. სოლიდარობის, კოორდინაციის ინსტრუმენტი, რათა დღესვე, აქტიურად ჩავერთოთ ევროპული ინტეგრაციის სივრცეში. სწორედ ამიტომ შეიქმნა ასეთი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების იდეა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ იდეის განხილვას, კერძოდ, პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონმა ლუგანსკის ოლქში დაღუპული ფრანგი ჟურნალისტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
შემდეგი სტატიათურქეთი რუსეთს, უკრაინასა და გაერო-ს, მოლაპარაკებების მასპინძლობას სთავაზობს