კანონმდებლები დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი. კანონის პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია პროდუქციის არანაკლებ 25%-სა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

ცვლილებები შედის სამეურვეო საბჭოს შესახებ მუხლშიც. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საბჭოს ასევე აღარ ექნება უფლება, შრომითი ხელშეკრულების პირობები წარადგინოს.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მიღებულ თანხას ბოლომდე ვერ ითვისებენ. ასეთ დროს ფული ბიუჯეტში ბრუნდება, ახალი რედაქციით მაუწყებელი ითხოვს, აუთვისებელი თანხა წლის დასაწყისში დაემატოს სახელმწიფოსგან მიღებულ ახალ დაფინანსებას.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილებებით მაუწყებელში არსებული ბიუროკრატია მცირდება.

„ამ ცვლილებების არსი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მცირდება ბიუროკრატია. რეგულაციების გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ახერხებდა განვითარებაში ჩართულიყო ჩქარი ტემპებით, ვერ ახერხებდა საუკეთესო სტანდარტების პირდაპირ განხორციელებას,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

წარდგენილი სახით ცვლილებებს მაუწყებლის შესახებ კანონში ეწინააღმდეგება ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარი ფუნქციის შესრულებას ვეღარ შეძლებს.

“ეს არის მორიგი ჯერი, როდესაც ბატონი ვასიკო და ქალბატონი ია თავის თავზე ირგებენ ამ კანონს და ასრულებენ იმ დავალებას, რომელიც მათ მიცემული აქვთ ივანიშვილისგან. ამის ბოლო იქნება ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვეღარ შეასრულებს თავის მოვალეობას,“ – აცხადებს ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.

ხელისუფლებას კანონის საკუთარ ინტერესებზე მორგებაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას კი, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ეს კანონი არის ძალიან ცუდი, 40 მილიონზე მეტი დაფინანსების მქონე ტელევიზია ითხოვს დამატებით თავისუფლებას სარეკლამო ბაზარზე. დამატებითი ძალაუფლება ეძლევა დირექტორს, რომელიც ვიცით, რომ არის ხელისუფლების მიერ დანიშნული და მუდამ იქნება, სანამ იარსებებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლების დიქტატი,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშინატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურში ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” შემომწირველების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება