კახა მიქაია: „თალაკვაძემ და კობახიძემ კონგრესმენების წერილების რევიზიას თავი დაანებონ“

„ქართული ოცნება“ დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკის ნიაღვარს არ იმჩნევს და მომხრეებსაც არწმუნებს, რომ ეს არაფერს ნიშნავს. ირაკლი კობახიძის მტკიცებით კი, მიამიტი კონგრესმენები ვერაგმა ნაციონალებმა შეიყვანეს შეცდომაში. სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით ნაციონალები ყველას შეაცდენენ, მაგრამ კონგრესმენების შეცდენის არ სჯერა.
რატომ უგზავნიან ამერიკელები წერილებს გახარიას? რა უნდა გაითვალისწინოს ივანიშვილმა? ვის შეუძლია ამ სიტუაციაში ნორმალური გადაწყვეტილების მიღება? – ამის შესახებ „თაიმერს“ კახა მიქაია ესაუბრება.
– ბატონო კახა, დასავლეთი უკვე ძალიან მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ამაში ნაციონალების ხელი ურევია და მათ შეიყვანეს ამერიკელი კონგრესმენები შეცდომაში. თქვენ რას იტყვით?
-„ოცნებას“ რომ ჰკითხო, ყველაფერი ნაცების ბრალია, ნაცები „ოცნებას“ სდებენ ყველაფერში ბრალს. თუმცა ამას თავი დავანებოთ, რადგან უფრო მნიშვნელოვანია თუ რაზე საუბრობენ კონგრესმენები თავიანთ წერილებში. ისინი საქართველოში არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. საქართველოს ხელისუფლება კი ვალდებულია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მითითებებს ყური უგდოს და გაითვალისწინოს. ვინმეს თუ ჰგონია რომ ამერიკაში არ იციან თუ რა ხდება საქართველოში, ძალიან ცდება. ბოდიში მომითხოვია და გამოდის, რომ მისი აზრით, აშშ-ს საელჩო აქ ბუზების დათვლით არის დაკავებული? ზოგიერთ ჩვენ სამსახურზე უკეთ იცის ვაშინგტონმა თუ რა ხდება საქართველოში. ვისაც ეს არ სჯერა, ცივი წყალი დალიოს. კობახიძეს და არჩილ თალაკვაძეს ვურჩევ, რომ ამერიკელი კონგრესმენების წერილის რევიზიას თავი დაანებონ. მათ სჯობს ის შენიშვნები გაითვალისწინონ, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვაძლევს. ამერიკელებიც ნახავდნენ იმ სკანდალს, რაც იზორიას ძმასთან დაკავშირებით მოხდა. თქვენი აზრით, როგორი რეაქცია ექნება ამაზე ვაშინგტონს და თუ ამ ფაქტს დაგმობენ, რა შუაში იქნებიან აქ ნაცები?! ამერიკიდან ძალიან მწვავე წერილი მივიღეთ, მაგრამ კონგრესმენების წერილში ისიც ჩანს, რომ შეერთებულ შტატები განაგრძობს ჩვენს მიმართ მხარდაჭერას და კეთილგანწყობას. ამიტომ, სანამ დროა ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს.”
– რას ნიშნავს სანამ დროა, მერე შეიძლება გვიან იყოს?
– დიახ. ეს არ არის მხოლოდ ერთეული კონგრესმენების პოზიცია. მათი განცხადებებიდან იქმნება საზოგადოებრივი აზრი. წინა ხელისუფლებებიც არასერიოზულად უყურებდნენ ამერიკელების შენიშვნებს და როგორც დაამთავრეს, ვნახეთ. ფრთხილად იყვნენ, იგივე არ დაემართოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. კობახიძე და თალაკვაძე რაღაც აგდებულად უყურებენ კონგრესმენებს და ეს არაა კარგი ამბავი.
-აშკარად კონგრესის წევრები თავისნაირი დეპუტატები ჰგონიათ.
-ვის რა ჰგონია ეგ არ მაინტერესებს. ეგრე ზოგს ნაპოლეონი ჰგონია თავი და ზოგს კიდევ ალექსანდრე მაკედონელი.
-ამერიკიდან წერილები ძირითადად გახარიას სახელზე მოდის. მას იმიტომ უგზავნიან, რომ პრემიერია, თუ პირადად მასთან აქვთ პრეტენზიები, რადგანაც ის მაინც რუსეთის კაცად მოისაზრება?
-გახარია ოფიციალურად არის ქვეყნის პირველი პირი. ამიტომ მოდის მის სახელზე წერილები ვაშინგტონიდან და რა არის ამ წერილების ქვეტექსტი, ამის მიხვედრა მგონი რთული არ არის. სავსებით ნათელია თუ ვის მიმართავს სინამდვილეში ამერიკა.
-გახარიას სახელზე აგზავნიან, მაგრამ სინამდვილეში ივანიშვილს ეკუთვნის ეს წერილები?
-რა თქმა უნდა. დღეს ქვეყანაში მთავარი კაცი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ამერიკელებმაც კარგად იციან. მათ ივანიშვილისთვისაც შეეძლოთ წერილი მიეწერათ, მაგრამ ეტიკეტი დაიცვეს და ქვეყნის პირველ პირს მიმართეს.
-იმედი ვიქონიოთ, რომ ივანიშვილიც ასე აგდებულად არ მოეკიდება კონგრესმენების წერილს. ერთი შეხედვით, კობახიძე ჭკვიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს.
-ამხელა შეურაცხყოფასაც ნუ მივაყენებთ ივანიშვილს და კობახიძე-თალაკვაძეს ნუ შევადარებთ. იმედი მაქვს, რომ ის კარგად წაიკითხავს ამერიკიდან მოსულ წერილს და ამ შენიშვნებს გაითვალისწინებს. სიმართლე რომ გითხრათ, ამ სიტუაციაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს. დანარჩენები, ხომ ხედავთ, რომ ადეკვატურად ვერ აფასებენ სიტუაციას. იმედია, ივანიშვილი გამოიჩენს მეტ გამჭრიახობას. მე მისთვის რაიმე რჩევების მიცემისგან თავს შევიკავებ, რადგანა მან ძალიან კარგად იცის, რაშია საქმე და შექმნილ სიტუაციასაც კარგად აფასებს.
-რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელების რჩევებს არ გაითვალისწინებს?
-ამ შემთხვევაში ყველაფერი ცუდად დამთავრდება.
-არის ვარაუდი, რომ მას გარემოცვა წერილებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდის.
-ეს მისი პრობლემაა. ადამიანი თავად ქმნის გარემოცვას. გარემოცვამ შეიძლება უღალატოს, მაგრამ ის ირჩევს ამ გარემოცვას. ვერავის დააბრალებს, რადგან გარემოცვა სრულად მისი არჩეულია.
-ნაცების როლზე რას იტყვით, შეეძლოთ მათ კონგრესმენების შეცდომაში შეყვანა?
-ნაცებს ისე უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ საკუთარ დედას შეიყვანენ შეცდომაში, თუმცა ამ შემთხვევაში მათ კონგრესმენები არ შეუცდენიათ. თავად ამერიკამ ძალიან კარგად იცის აქ რა ხდება.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიკვიპროსში სოფელ ახალაბასთუმნის მცხოვრები 26 წლის ლევან ჯახია მშენებლობიდან ჩამოვარდა
შემდეგი სტატიათურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან