კახა მიქაია: ბოდიში?!

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

ბოდიში?!
არაფრის თუ არაფერს, ნუ, როგორც გინდათ!
ისე, ბოდიში ერითმება მეგრულ სიტყვას ბორდიში, რაც ქართულად ნიშნავს ბოდვას(გააჩნია, რა შემთხვევაში, რასაკვირველьია)…
ბოდიში და თქვენს მონამორჩილს ისიც წარმომიდგენია, როგორ წამოდგება ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობასთან ერთად პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ერთხმად მოუხდის ბოდიშს ნაციონალებს თუ ღმერთმა არ ქნას და….
მანამდე კი ჩემო კარგებო, შეგიძლიათ მიბაძოთ კილაძე-ნავერიანის ტანდემს და ერთხმად მოუხადოთ ბოდიში თქვენს ამომრჩეველს (ბრიყვებისა და ფანატიკოსების გამოკლებით) იმ უიმედობისათვის, რომელიც თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასე დამკვიდრდა ჩვენ ქვეყანაში.
იმ შეურაცხოფისათვის, რომელიც თქვენ მიაყენეთ მთელ ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ოცნებები დაუმსხვრიეთ და სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, სახელმწიფო დამნაშავეებთან, კოლექტიურ მურუსიძესთან კოჰაბიტირებულები განაგრძობთ ქვეყნის ნგრევას.
ბოდიში მოიხადეთ ამ გაღარიბებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შიათ და ლუკმა პური სანატრებელი გაუხდათ, მომატებული ხელფასებისათვის და პრემია- დანამატებისათვის, რომელსაც ასე გამწარებით იმატებთ, იმატებთ და ვერ გაძეხით!
ბოდიში მოიხადეთ ქვეყანაში გაზრდილი კორუფციისა და კრიმინალისათვის!
ბოდიში მოიხადეთ თქენგან განსხვავებით, ოკუპანტისთვის თავის არ დამხრელი გმირი ბიჭების ხსოვნის წინაშე!
ბოდიში მოიხადეთ!
ბოდიში მოიხადეთ და თავი დაგვანებეთ ნაცებთან და მათ მომყოლებთან ერთად…
P.S. ამასობაში, ფიდელ კასტროდ წოდებულმა სამეგრელოს გუბერნატორმა შონიამ, ფაროსანას წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გამოაცხადა.
საინიციატივო ჯგუფები შექმნა, შესაწამლი აპარატი ზურგზე წამოიგდო და (როგორც მისმა სწორუპოვარმა სპიკერმა, ეკატერინე ჭავჭავაძის ლაშქარში ნამყოფმა, ,,ორი ხმალითა ხმალშემორტყმულმა” მაიზერ ნანავამ ორსაათიან ,,ქრონიკაში” გვამცნო) ,,პირველ რიგში, შეიწამლება მარტოხელა ოჯახები და მიტოვებული სახლები”, მერე, ალბათ, ჩვენც შ ე ვ ი წ ა მ ლ ე ბ ი თ და ფაროსანაც ბოდიშის მოხდით დატოვებს სამეგრელოს ტერიტორიას…

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი ქორიძის ნათესაური ნიშნით შეწყალებას უარყოფს
შემდეგი სტატიასამეგრელოში ახალი ტიპის ხოჭოები გამოჩნდნენ