მარგველაშვილი ქორიძის ნათესაური ნიშნით შეწყალებას უარყოფს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ 30-წლიანი მუხლით გასამართლებული ირაკლი ქორიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისევ ნარკოდანაშაულის გამო დააპატიმრეს, 2014 წელს ნათესაური ნიშნით არ შეუწყალებია. ამის შესახებ მან საზგადოებრივ მაუწყებელზე, ირაკლი აბსანძის გადაცემაში “კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.

„პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას მხარს უჭერდა, დღეს მეუბნება, რომ ჩემი მეუღლის ბიძაშვილის ყოფილი ქმარი ჩემი ნათესავია. ამის ტირაჟირება მედიაში ძალიან ინტენსიურად ხდება და მინდა, თქვენი ეთერით საზოგადოებას ვუთხრა – პატივცემულო საზოგადოებავ, შეწყალება ერთ–ერთი ყველაზე სწორად ორგანიზებული სისტემაა და კომისიაში ძალიან წესიერი ადამიანები მუშაობენ. იქ არავითარი კორუფცია და ნეპოტიზმი არ არის. წესიერი საქმიანობისათვის მათ მადლობა მინდა ვუთხრა. თქვენ კი გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები თქვენთვის უფასოდ მუშაობენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამბობენ, რომ ირაკლი ქორიძე მისი ნათესავია, მაგრამ რეალურად, ის და მისი ყოფილი მეუღლე არასოდეს უნახავს.

„ირაკლი ქორიძის ყოფილი მეუღლე სავარაუდოდ, ძალიან კარგი ქალბატონია, რომელსაც მუდმივად სულ ტყუილად მოიხსენიებენ. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ აუცილებლად გავიცნობ, რადგან ჩემი მეუღლის ბიძაშვილია. ის კონტაქტში იმდენად არ არის, რომ არც კი მინახავს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების სკანდალის პირველი ტალღა დაახლოებით ორი თვის წინ მასზე ოდიოზური თავდასხმით დაიწყო, ამ ეტაპზე კი, მეორე ტალღას ვუყურებთ.

„იყო არარეალური ბრალდებები ოდიოზური აქტორებით და კომიკური, უნიჭო შავი პიარი. ახლა კი, ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით უკვე მეორე ტალღაა. ეს ორივე ტალღა იმიტომ დაიწყო, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატს ვერ აყალიბებს და სანამ საპრეზიდენტო კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდებიან, მანამ რამე ტიპის პოლიტიკური აქტივობაა საჭირო, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ პრეზიდენტზე რაღაც გამოგონილი თავდასხმა მიიტანონ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მე რომ გითხრათ, რომ ბიძინა ვიღაც ჭიჭიკო ბენდელიანს ურეკავს, ჭორი ხომ იქნება?
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ბოდიში?!