კახა კალაძე – ტელეკომპანია „იბერიას“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება

ტელეკომპანია „იბერიას“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „იბერიასთან“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბიზნესინტერესები ტელეკომპანიას ამოეფაროს. გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით თუ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, ეს პროკურატურამ უნდა გაარკვიოს.

„ომეგა ჯგუფი“ თუ დააპირებს კონკრეტული პროექტების განხორციელებას ქალაქის მასშტაბით და საჭირო იქნება მერიის და მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ და ჩვენი კარი ღიაა. რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიას“, არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ძალიან მიხარია, რომ დღეს ბევრი ტელეკომპანიაა საქართველოში; ძალიან მარტივია ტელეკომპანიის შექმნა, დაფუძნება და შემდეგ უკვე გასვლა სატელევიზიო ეთერებში. ვერავინ ვერ შეუშლის ხელს მაუწყებლობას, ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ მთავარია კანონი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაღაც ბიზნესინტერესები ამოვაფაროთ ტელევიზიის საქმიანობას. ეს კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.

მანვე მედიას შეკითხვით მიმართა. „მედია რატომ არ ხართ თავისუფლები ამიხსენით! ერთი მაგალითი მაინც მითხარით, ვინ გიზღუდავთ თავისუფლებას. დღეს ჩვენ შეგვიძლია მედიათავისუფლების შეზღუდვაზე ვისაუბროთ? შეიძლება ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც შეშურდეთ ისეთი დემოკრატია და ისეთი თავისუფლებაა ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბის და ჰიმნის საკითხი ერთი კანონით დარეგულირდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა