საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბის და ჰიმნის საკითხი ერთი კანონით დარეგულირდება

საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბის და ჰიმნის საკითხი ერთი კანონით დარეგულირდება. ამ მიზნით, შემუშავდა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და რომელიც თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენის მიზეზი საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებია.

„საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, როგორც სახელმწიფო სიმბოლოები, დადგენილია ორგანული კანონით და მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის დადგენილი წესით. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის გაერთიანება ხდება ერთ ორგანულ კანონში „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“, რომელიც დაადგენს სახელმწიფო სიმბოლოების აღწერილობას“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამ კანონპროექტის მიღების პარალელურად, ძალადაკარგულად გამოცხადდება მოქმედი კანონები „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“, ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“. საქართველოს სახელწიფო გერბის დროშისა და ჰიმნის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესებთან დაკავშირებული რეგულაციები კი განისაზღვრება ცალკე საკანონმდებლო აქტით, კერძოდ, კანონით „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“, რომლიც წარმოდგენილია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად, ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით.

გიორგი კახიანმა, ასევე, პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა მისი და გურამ მაჭარაშვილის მეორე საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტები – „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

როგორც გიორგი კახიანმა განაცხადა, კანონპროექტის მიზანია „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების კონსტიტუციურ ცვლილებებთან ჰარმონიზაცია, ვინაიდან განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებით სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს საქართველოს პრეზიდენტი კანონით დადგენილი წესით ანიჭებს.

„კომიტეტმა ასევე განიხილა: არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი. არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი. არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი.

პირველი ორი საკითხი, რომლებიც „საქართველოს კონსტიტუციაში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, კომიტეტს პარლამენტის ყოფილმა წევრმა კობა დავითაშვილმა წარუდგინა. როგორც მან განაცხადა, კონსტიტუციაში შესატანი ერთი ცვლილება უკავშირდება 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის შესახებ და კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს კონსტიტუციის მე-12 მუხლის იმდაგვარად დაზუსტება, რომელიც საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციასი დააბრუნებს ნარკოტიკული საშუალებების მიმოქცევის სამართლებრივ რეჟიმს.

კობა დავითაშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად კონკრეტდება კონსტიტუციის მე-12 მუხლი, კერძოდ, საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება არ მოიცავს ადამიანის მიერ თვითგანადგურების, დეგრადირების ან თვითდაზიანების უფლებას და კანონით შეიძლება შეიზღუდოს, ან აიკრძალოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, გასაღება, დამზადება, წარმოება, დათესვა, მოყვანა, კულტივირება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და ამ ქმედებებთან დაკავშირებული სხვა ქმედებები.

კობა დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი მეორე ცვლილება კი უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შეჭრის საკითხს და ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოთა რეფორმა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების საერთო სასამართლოებისთვის გადაცემა და ამ გზით, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ზრდა.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის სახელით კი განმარტებები გააკეთა ზვიად ტომარაძემ, რომლის თქმითაც, კანონპროექტის მიღების მიზანია უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის ბინადრობის უფლების მინიჭების გამკაცრება. გიორგი კახიანის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობაშია და, შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სამივე საკითხზე საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციაში გატარების შესახებ“,- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე – უნდა შეიქმნას საწარმო, სადაც პრეპარატებისა და კოსმეტიკული საშუალებებისათვის მარიხუანას გადამუშავება საქართველოშივე მოხდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ტელეკომპანია „იბერიას“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება