ირაკლი კობახიძემ შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა

 

„ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს, განსაკუთრებულად ყურადღება კი, განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაზე გამახვილდა.

„განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. განსაკუთრებულად გავუსვამ ხაზს განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით, დუალური განათლების სისტემის დამკვიდრების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, შვეიცარიის კონფედერაცია საქართველო-რუსეთს შორის მედიატორის როლს სწორად და სათანადოდ ასრულებს, რისთვისაც, საქართველო მადლიერია.

„რა თქმა უნდა, მათზე არ არის დამოკიდებული პროგრესი პოლიტიკური მიმართულებით, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრა, თუმცა, ჩვენი შვეიცარიელი მეგობრები მაქსიმალურად გვიწყობენ ხელს, რომ გვქონდეს წინსვლა სხვადასხვა მიმართულებით. რეალურად, იცით, რომ გარდა პოლიტიკური მიმართულებისა, ამ ურთიერთობებში არის სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა: შეგვიძლია ვახსენოთ ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კუთხით, შვეიცარიელი მეგობრების როლი არის ნამდვილად პოზიტიური და მადლობას ვუხდით ამისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ტელეკომპანია „იბერიას“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიატელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას – “იბერიას” ჟურნალისტების სპეციალური განცხადება