კახა კალაძე – იდეა გვაქვს, როდესაც ნორმალურ ცხოვრებას დავიწყებთ, ავკრძალოთ კვირაში ორი დღე კერძო ტრანსპორტით გადაადგილება,

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეო ჩართვაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ მოსახლეობას მონაცემები წარუდგინა, რომელიც წერეთლის გამზირზე არსებულ მდგომარეობას ასახავს. მასში ნათლად ჩანს 2019 წელსა და 2020 წელს ჰაერში აზოტის შემცველობასთან დაკავშირებული სხვაობა .
„ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არის მკვეთრად შემცირებული . რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ შემცირებულია ტრანსპორტის გადაადგილება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად აქტივობები არის დაბალი. ვფიქრობ, რომ ეს მონაცემები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არის მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ქალაქში სხვადასხვა რაიონებში, ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებულია სპეციალური სტაციონარები, რომლებიც ზომავს ჰაერში დაბინძურების ინდექსს, დაბინძურების მაჩვენებელს და აღნიშნული მაჩვენებლები არის მკვეთრად განსხვავებული. ჩვენ თუ შევადარებთ 2019 წლის მარტის მაჩვენებელს , 2020 წლის მაჩვენებელთან არის ძალიან დიდი სხვაობა, განსაკუთრებით ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა არის შემცირებული, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე წინადადებით გამოვიდა და მოსახლეობას ჰკითხა, რას ფიქრობენ მას შემდეგ, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, კვირაში ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში შეიზღუდოს კერძო ავტომობილებით გადაადგილება.
„შესაბამისად, როდესაც აღდგება მოძრაობა, როდესაც უკვე დაიწყებს მუშაობას შესაბამისი სამსახურები გვაქვს ასეთი იდეა და გვინდა კითხვის სახით დავსვათ ეს ჩვენი იდეა, მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება, კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათ-კვირა ხომ არ აკრძალოთ კერძო ავტომობილების გადაადგილება და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი , რათა შესაძლებელი იყოს აუცილებლობის პირობებში გადაადგილება , რომ თავისუფლად შეძლონ ადამიანებმა ,როგორც ავტობუსებით ასევე მეტროთი მგზავრობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იდეას, რა თქმა უნდა, სჭირდება დახვეწა, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით ისაუბრებს. კახა კალაძის თქმით, წინადადებასთან დაკავშირებით მოგვიანებით ჩატარდება ინტერაქტივიც .

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ზელენსკიმ უკრაინის ვიცეპრემიერის პოსტი შემომთავაზა, ეს დიდი პატივია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე გადაადგილებას გამგეობები უზრუნველყოფენ