კახა კალაძე – გვაქვს ამბიცია და რესურსიც, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით შევიდეს 2020 წლის პარლამენტში

გვაქვს ამბიცია და რესურსიც, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით შევიდეს 2020 წლის პარლამენტში, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კითხვაზე შეიქნება თუ არა კოალიციური მთავრობა და ვისთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა და ზოგადად, პარლამენტში რამდენი პარტია მოხვდება, დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობაზე.

„მე მივესალმები ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ზუსტად მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს თავისი მოქალაქეობრივი ვალი 2020 წლის არჩევნებზე და თავიანთი გემოვნების მიხედვით, თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, იმ პროგრამების მიხედვით, რომელიც იქნება წარდგენილი პოლიტიკური პარტიების მხრიდან და რომელი პროგრამაც ახლოს იქნება კონკრეტულ ადამიანებთან, ზუსტად ასე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მათი გადაწყვეტილების მიხედვით იქნება წარმოდგენილი 2020 წლის პარლამენტი. რაც შეეხება თანამშრომლობას ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია და იმის რესურსიც გააჩნია დღეს პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, რომ უმრავლესობით მოვიდეს 2020 წლის პარლამენტში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენც მოგვარტყით” – შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი იმართება
შემდეგი სტატია,,ლავროვი იმ სტრატეგიასა და პოლიტიკას ახმოვანებს, რაც რუსეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და მისაღებია, ჩვენ ჩვენი გეგმები, ხედვა და პოლიტიკა გვაქვს”