კახა კახიშვილი: ჩვენ მოვლენის კი არა, დანაშაულის ამნისტირებას ვახდენთ

“ამნისტია კონკრეტულ დანაშაულს უნდა შეეხოს და არა მოვლენას”, – ამის შესახებ დეპუტატმა კახა კახიშვილმა, დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„უნდა ჩამოვწეროთ მუხლები, კონკრეტულად რომელ მუხლს ეხება, რომელს არ ეხება, ან მუხლის ნაწილს, ჩადენილი დანაშაულის ტერიტორიას და შინაარსს. გარდა ამისა, ასევე, შეგვიძლია, უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს ამნისტია არ ეხება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისი განმარტებით, გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ ახლა მსჯელობა ოფიციალურად უკვე რეგისტრირებულ დანაშაულზე მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდეს დანაშაულის შესახებ, რომელიც ამ დროისთვის დარეგისტრირებული არ არის, რომლის შესახებაც თავის დროზე არც დაზარალებულს შეუტყობინებია პოლიციისთვის და არც დანაშაულის ჩამდენს.

„მაგალითად მოყვანილი იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება]. ისმის კითხვა, თუ აღნიშნულ მუხლს ეხება, ეხება თუ არა მკვლელობის მცდელობას, ვინაიდან ეს მუხლი შესაძლოა, მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდეს. შესაძლებელია, ვიღაცამ ვიღაცას მიაყენა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დაზიანება, არ მიმართეს პოლიციას ან საავადმყოფოს, მკურნალობდა სახლში, შემდგომში გარდაიცვალა და რას ვაკეთებთ მერე? ამიტომ ვფიქრობ, სიღრმისეულად უნდა განვიხილოთ ეს საკითხები, რადგან ჩვენ მოვლენის კი არა, დანაშაულის ამნისტირებას ვახდენთ“, – განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიNCDC: საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის 5 შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა და “დიდმა შვიდეულმა” პროტასევიჩის განთავისუფლება მოითხოვეს