კაბელების საქმე დანაშაული იყო, თუმცა რეალურ დამნშავეს “პასუხი არ უგია” – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას ე.წ. კაბელების საქმე სამართლებრივად გაანალიზებული აქვს და ფიქრობს, რომ სახეზე იყო “მკაფიოდ გამოხატული დანაშაული”. მეტიც როგორც კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საქმეზე “პასუხი არ უგია იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა”, და ამ საქმის ასე დასრულება შეუძლებელია თუნდაც პრეზიდენტის შეწყალების შემდეგაც.
კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ირაკლი კობახიძე “დაუსჯელებს” შორის მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას და მის მომხრეებს, კობახიძე პასუხობს, რომ არაფრის თქმა არ შეუძლია.
“რაც შეეხება კაბელების საქმეს, იმ დროისთვის ვიყავი აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკურად აწეული იყო ეს თემა, დავინტერესდი, მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო, საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე… 2015 წელი იყო, „მე რამდენადაც ვიცი, შეიძლება, საქმე ბოლომდე ვერ გაიხსნა“ -თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ სავარაუდო დამნაშავეების ხელახალი დაკითხვა აუცილებელია.
მე რა ვიცი იქ ფული დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა მინისტრის მოადგილემ თუ უფრო ზევით , ან უფრო ქვევით? საქმიდან ჩანს მოტივი და მე ამაზე მაქვს საუბარი. ამიტომ ამ საქმეს ყურადღებიანი მიდგომა სჭირდება და მისი ამ ეტაპზე დასრულება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიუღებელია”, — განაცხადა კობახიძემ.
2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი 16 მაისს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.

 

 

banner
წინა სტატიაშისოხუმში ხეზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში მძარცველმა მაღაზიას ცეცხლი წაუკიდა