ჯანმო-მ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს

region
ავტ.: region დეკემბერი 26, 2020 15:35

ჯანმო-მ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრის ძირითადი თემები იყო გლობალურად პანდემიის კუთხით არსებული ვითარება, ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების თვალსაზრისით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის პირველ ეტაპზე, ისე მეორე ტალღის პირობებში ინფექციის გავრცელებისა და ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრისით.

ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებას, კლინიკური სასტუმროების როლს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობას მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში. ასევე აღინიშნა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობა ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირების, იზოლაციისა და ინფექციის გავრცელების შეჩერების პროცესში.

საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გასულ კვირას შედგა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, როგორც СOVID-19-ის მართვის ნაწილში, ისე ჯანდაცვის სფეროში სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

region
ავტ.: region დეკემბერი 26, 2020 15:35