ჯანდაცვის მინისტრმა დაშავებული მეშახტეები მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა დამწვრობის ცენტრში, ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მეშახტეები მოინახულა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით რთულია.

მინისტრი შესაძლო გართულებებსაც არ გამორიცხავს.

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მინისტრის ინფორმაციით, ისინი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებენ. დავით სერგეენკოს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო შემდგომი მკურნალობის თანხებსაც უზრუნველყოფს, თუმცა მისივე თქმით, ამის საჭიროება არ დგას.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მეშახტეს, რომელიც შედარებით მძიმე მდგომარეობაშია, ხვალ ოპერაცია ჩაუტარდება. პაციენტს ხელის მტევნებზე კანს გადაუნერგავენ.

შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციისას ჭერი ჩამოიშალა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა – კაპიტანმა ეკა გიგაურმა 7 ნოემბრის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმის წევრებზე პრემიები გასცა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე იტალიურ კომპანიებს მოუწოდებს, საქართველოში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა უფრო აქტიურად განიხილონ