მამუკა ბახტაძე იტალიურ კომპანიებს მოუწოდებს, საქართველოში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა უფრო აქტიურად განიხილონ

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან; აქტიურად ვმუშაობთ ინდოეთთან, რომ უახლოეს მომავალში დავასრულოთ მოლაპარაკება და მათთან ერთად შევქმნათ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რაც, ვფიქრობ, იტალიელი ინვესტორებისთვის საქართველოს მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს 34 ქვეყანასთან აქვს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ და ანალოგიურ შეთანხმებაზე კონსულტაციები იტალიასთან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავახალისოთ სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ფორუმის ყველა მონაწილეს, ბიზნესსექტორს. მე მქონდა ბედნიერება, ჯერ „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის როლში, ხოლო შემდეგ ფინანსთა მინისტრის პოსტზე პირდაპირ მემუშავა იტალიურ კომპანიებთან. მათი მენეჯმენტის და გამოცდილების ხარისხი მართლაც ძალიან მაღალია, სწორედ ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ საქართველოში გვჭირდება, ისეთი, როგორიც პასუხობს იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რაც გვაქვს ჩვენ ქვეყანაში“, – მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„მინდა, თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ საქართველო არის საიმედო პლატფორმა თქვენთვის, რომ აკეთოთ ბიზნესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ჩვენი რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ჩვენს რეგიონში არსებობს ძალიან მზარდი მოთხოვნა ევროპულ, მაღალხარისხიან პროდუქციაზე, პროდუქციაზე, რომელსაც იტალიური კომპანიები აწარმოებენ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, კიდევ უფრო აქტიურად განიხილოთ თქვენი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა საქართველოში”, – მიმართა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესოფრუმის მონაწილეებს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე დღეს გულწრფელად ვთქვი, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს. საქართველოს ევროპული არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ ჩემი თაობის არჩევანი, ეს გახლავთ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი. საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და იტალიელ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ ახორციელებთ საქართველოსადმი ჩვენს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სერჯო მატარელა საქართველოს გუშინ ეწვია.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრმა დაშავებული მეშახტეები მოინახულა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ