,,ივანიშვილმა „მწვანე შუქი“ აუნთო უკანონო მოქმედებებს სამართალდამცავ ორგანოებში, როცა თქვა, რომ ვიღაცას დასჯის, ან არ დასჯის”

გუშინ დავინახეთ მმართველი ძალის ლიდერი, რომელმაც „მწვანე შუქი“ მისცა მთელ რიგ უკანონო ქმედებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა.

„მე ვფიქრობ, გუშინდელი ინტერვიუ შესაძლოა წინა ინტერვიუებისგან შეფასებების ნაწილში არ გამოირჩეოდა და ნაცნობია ჩვენთვის ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი გენერალური ხაზი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გახლავთ უკვე ფორმალური ლიდერი. ის არის თავმჯდომარე პარტიის, რომელიც ლიდერისგან მიღებულ მითითებებს უსიტყვოდა ასრულებს როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში, ადგილობრივ დონეზე და ა.შ. გუშინ ჩვენ ბევრი მიმართულებით დავინახეთ, რომ მან მითითება გასცა და „მწვანე შუქი“ აუნთო რთულ და მძიმე მიმართულებებს დემოკრატიისა და სახელმწიფოსთვის – ესენია დამოკიდებულება მედიისადმი და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი. ასევე ჩვენ დავინახეთ, რომ მან მითითება გასცა და მწვანე შუქი აუნთო უკანონო მოქმედებებს სამართალდამცავ ორგანოებში როცა თქვა, რომ ვიღაცას დასჯის, ან არ დასჯის. მან თქვა, რომ როგორიც იქნება მის და მმართველი პარტიის ინტერესი, ისე იმოქმედებენ. ჩვენ დავინახავთ მწყობრად, რომ დღეს უკვე ლიდერის პოზიციის გათვალისწინებით ისაუბრებენ ამ პოზიციების გათვალისწინებით და ძალიან ბევრი უკანონო ქმედების მომსწრე გავხდებით“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველი საფრთხის შემცველად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მოსმენისას საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ დაინახა ის რუსული ნარატივები, რომელიც უკავშირდება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტს. როცა ამას ამბობს მტკიცებით ფორმაში მმართველი პარტიის ლიდერი, ეს ნიშნავს, რომ მითითება მიეცათ საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკლებლივ ყველა დეპარტამენტს, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს და საერთაშორისო ურთიერთობებს წარმართავს. ეს მესიჯი ამ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიმართულებაში სამუშაო მესიჯი გახლავთ. ეს არის სამუშაო მესიჯი პარლამენტისთვის და ყველა სხვა სტრუქტურისთვის, რომელსაც რაიმე წვლილი შეაქვს ამ სფეროში. ესეც არის ანტისახელმწიოებრივი, ძალიან მძიმე ქმედება. მე არ ვიცი ამას რამდენად აცნობიერებენ ისინი და რამდენად ვერ აცნობიერებენ, მაგრამ ფაქტია, გუშინ დავინახეთ ეს უმძიმესი სურათი. მძიმე სურათი დავინახეთ ასევე ბევრ სხვა საკითხთან მიმართებაში მათ შორის იმაზე, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეიძინონ არადეკლარირებული ქონება და ამაზე მათ პასუხს არავინ მოთხოვს. მე ვფიქრობ, საზოგადოება სულ სხვა რამეს ელოდებოდა გუშინ მმართველი პარტიის ლიდერისგან. ჩვენ გუშინ დავინახეთ ლიდერი მმართველი ძალისა, რომელსაც ჰყავს მმართველი უმრავლესობა და ამ ლიდერისგან არსებული „მწვანე შუქი“ მთელი რიგი უკანონო ქმედებებისათვის. ეს არის ყველაზე მძიმე და პრობლემური“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ.მესაზღვრეების მიერ სოფელ ოკამიდან გატაცებული ორი მამაკაცი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში სოკრატეს და პლატონის დროინდელი სავაჭრო გემი აღმოაჩინეს