ივანე მაჭავარიანი: ვთხოვოთ ყველა დამსაქმებელს, ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება

ივანე მაჭავარიანმა დამსაქმებლებს მოუწოდა, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა. ფინანსთა მინისტრის თქმით, დამსაქმებლებმა შესაბამის უწყებას საბანკო რეკვიზიტები 1-ელ ივნისამდე უნდა მიაწოდონ – მაჭავარიანმა ამის სესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„გვინდა, ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება. იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ ნებისმიერი მიზეზი. პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს ამ 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება. ამავდროულად, იცით, რომ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის თარიღით იყო განსაზღვრული და შემდეგ 1-ელ ივნისამდე გადავწიეთ. კიდევ გავიმეორებ პირობებს, ეს კომპენსაცია მათ ერგებათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და ეს ხელფასი დღეს უკვე აღარ ერიცხებათ. ანუ 1-ელ ივნისამდე თუ დაკარგეს, ნებისმიერი პერიოდიდან. იყო პატარა გაუგებრობა. კოვიდის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე, ფაქტობრივად თებერვლიდან დაიწყო, შესაბამისად, ჩვენ მარტო ამ პერიოდით არ ვიფარგლებით”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : მზად ვართ, რომ პარლამენტში ძალიან დეტალურად გავცეთ პასუხი ყველა კითხვას
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი კომპენსაციებზე: უპასუხისმგებლო დამსაქმებლის შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმა უნდა იაქტიურონ, რათა კომპანიებმა მათზე ინფორმაცია მოგვაწოდონ