ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

ჩვენი ვალია, შევინახოთ, მოვუაროთ და მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი უნიკალური კულტურის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უძველესი სოფლის , უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ხორციელდება გენერალური დაგეგმარება, რაც მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნდეს ტერიტორიის ავთენტურობა, ისტორიული იერსახე, შეინახოს მომავალი თაობებისთვის და მსოფლიოსთვის, ქართული ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესახებ, მეტი გახდეს ცნობილი. “რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გახლდით ბორდოში, სადაც გაიხსნა ღვინის ცივილიზაციის მუზეუმი. საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო არის ღვინის ცივილიზაციის აკვანი. ეს არის უდიდესი მიღწევა. გამოვიდა ასევე ბორდოს მერი ალან ჟუპე და მანაც, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ეს არის უკვე საყოველთაოდ ცნობილი აღიარებული ფაქტი. ეს არის უდიდესი მიღწევა და როდესაც ვუყურებთ ამ ოთხდონიან საწნახელს, მართლაც, გული სიამაყით გვევსება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და თანამშრომლობისთვის “თიბისი” ჯგუფს – მამუკა ხაზარაძეს, “ქართულ სახლს” – გია აბულაძეს და “ჯეოგრაფიკს” მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ემოციებთან და მომავლის სურვილებთან ერთად, მნიშვნელოვანია პროექტის დასრულების ვადები, რომელზე მსჯელობისთვისაც, სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში შეიკრიბება.

“ეს იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მაგალითი და ჩვენ არაერთ ასეთ თანამშრომლობას ვგეგმავთ. ბევრი პროექტი ყალიბდება დღეს – რაჭის განვითარების პროექტი, რომელიც შაორის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას ეხება, გვინდა მთა-თუშეთის აღორძინების ძალიან მასშტაბური პროექტის დაწყება, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სტრატეგიული, ისე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და შენახვის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ სურვილები, ეს არის კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ჩვენ მიზანმიმართულად, მიზანდასახულად განვახორციელებთ და, რა თქმა უნდა, ამაში კერძო სექტორის თანადგომის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს იქნება უნიკალური სოფელი, რომელიც აღდგება და მძივივით აიკინძება ვარძიის კომპლექსის გარშემო, როგორც ხიზაბავრას ვენახები, არაერთი ციხესიმაგრე, ჭაჭკარი, სარო და ა.შ. თითოეული ეს მძივი იქნება მარგალიტივით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის იმ ძალიან მდიდარ ჯაჭვში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ჩვენი ვალია, შევინახოთ, მოვუაროთ და მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი უნიკალური კულტურის შესახებ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც უნიკალურ კომპლექსს “დაჰკანკალებენ და ინახავენ” და იმედი გამოთქვა, რომ კომპლექსი რეგიონისთვის არაერთი სიხარულის მომტანი იქნება.
სოფელ ჭაჭკარის რევიტალიზაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, “თიბისი ფონდისა” და კავშირი „ქართული სახლის“ ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. სოფელი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და უნიკალური ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება – კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობის მიღებას და საკუთარ პირობებს სთავაზობს
შემდეგი სტატიახვალ პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველო” დაფუძნდება