ისრაელის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას: გილოცავთ ახალი მთავრობის ფორმირებას

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა რივენ რივლინმა ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილს თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც რივლინმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოში მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დილოპმატიური ურთიერთობის 25 წლისთავის აღნიშვნას ემსახურება.

„მე აქ ჩამოვედი იერუსალიმიდან, წმინდა ქალაქიდან – ცენტრალური ქალაქიდან. ეს არის ქალაქი, სადაც დაბრუნებისთვისაც ებრაელი ხალხი ორი ათასი წელი ლოცულობდა. დღეს, ეს არის ქალაქი, სადაც ჩვენ ვგლოვობთ ტერორიზმისა და სიძულვილის მსხვერპლთ, ახალგაზრდა მამაკაცებსაც და ქალებს. ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს, ტერორიზმი უფრო გააძლიერებს ჩვენს ერთგულებას იერუსალიმისა და ჩვენი რწმენისადმი“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

რივენ რივლინმა ქართველ კოლეგას ახალი მთავრობის ფორმირება მიულოცა და აღნიშნა,

„გილოცავთ ახალი მთავრობის ფორმირებას. მჯერა, რომ ეს დროის საქმეა, რომ ერთად შევკრიბოთ ჩვენი ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროების ხელმძღვანელები, რათა განვიხილოთ მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები მთელი რიგი მიმართულებებით და გავაძლიეროთ ხალხებს შორის კავშირი.

ჩვენ თავისუფალ მსოფლიოსთან საერთო საფრთხეს ვიზიარებთ. ეს არის ფუნდამენტალიზმი. ეს საფრთხეები არის ჩვენს ქუჩებში, ჩვენი ქვეყნებისა და ქალაქების ქუჩებში. ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას; ვგმობთ სიძულვილის ნებისმიერ ფორმას და ჩვენ ერთობით ვდგავართ ამ საფრთხეების წინააღმდეგ“, – აღნიშნა რივენ რივლინმა და გასულ თვეს, ისრაელში მომხდარი ხანძრისას საქართველოს მიერ შეთავაზებული დახმარებისთვის მადლიერება გამოხატა.

„ჭირსა და ლხინში, გამოწვევების წინაშე, რომლებიც თავისთავად შესაძლებლობებსაც წარმოადგენენ, ისრაელი საქართველოს გვერდითაა. გმადლობთ, რომ თავს სახლში გვაგრძნობინებთ“, – მიმართა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას.

რივენ რივლინი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიაზე თავდასხმა – რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატია“ენმ”-ის რაიონული კონფერენცია ხულოში ინციდენტით დაიწყო