ISFED-ის ანგარიში – ქვეყანაში მედიაგარემო პოლარიზებული რჩება, გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების – ISFED-ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მედიაგარემო პოლარიზებული რჩება.

ანგარიშის პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა და დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო.

“მედიაგარემო ქვეყანაში კვლავ პოლარიზებული რჩება. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები, არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა და დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო. ასევე, დაფიქსირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გათავისუფლების ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს; ასევე, აღსანიშნავია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „ევროპული საქართველოს“ რეკლამის გაშვებაზე უარი, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მიზეზით, რაც ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩარევის ნიშნებს შეიცავს;

საანგარიშო პერიოდში გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს მედიით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია, საარჩევნო პროცესში მომხდარი შესაძლო დარღვევების შესახებ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა ტენდენციად ქცეულ სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებზე სიღრმისეული მოკვლევა ჩაატარონ და საზოგადოებას დასაბუთებული და დამაჯერებელი პასუხი გასცენ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელით საჯარო მოსამსახურეთა აგიტაციის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სათანადოდ არ ფასდება შესაბამისი ორგანოების მიერ”,- ნათქვამია ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში.

ამავე ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური, კვლავ მმართველი პარტიაა. აქტიურობით გამოირჩევა პარტია „საქართველოსთვის“ კამპანიაც.

“ტენდენციის სახე ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვას. „ქართული ოცნება“, უმეტესად, უარს ამბობდა დამკვირვებელი დაეშვა კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებზე.

ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც, ძირითადად, პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. „სამართლიანი არჩევნები” არაერთი გათავისუფლებული პირის უფლებებს სასამართლოში იცავს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიაში ჩართულობისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტებმა. ასევე დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ცალკეული ფაქტები.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიის, კერძოდ „დროას“ ოფისის დაზიანება ზუგდიდში – ოფისის ფასადზე უხამსი წარწერები დატოვეს და პლაკატი დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ ეს ,,დროას“ ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არაა, ცოტა ხნის წინ ოფისში შევარდა ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პარტია ,,დროა“ -ს და მის ხელმძღვანელ ელენე ხოშტარიას;

„სამართლიანი არჩევნები“ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების თემაზე, რაც, განსაკუთრებით, აქტუალური პრობლემაა წინასაარჩევნო პერიოდში. შეინიშნება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რეგიონებში, სკოლის პერსონალის რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების და მათი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტები”,- ნათქვამია ISFED-ის შუალედურ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტია მოთავსებული
შემდეგი სტატიაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 210 746​ აცრაა ჩატარებული