ირმა ინაშვილი – „პოლიციის მიმართ სანდოობა გაიზარდა – ჩვენ გვახსოვს პოლიცია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და ჩვენ ვხედავთ პოლიციას დღეს, რომელიც მართლა იცავს წესრიგს“

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ტენდენციები განიხილა. დეპუტატის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკა საჯაროვდება და სამინისტრო ციფრებს არ მალავს. ირმა ინაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საზოგადოებაში პოლიციის მიმართ გაზრდილ ნდობასაც.

„ძალიან პირობითია ეს საკითხი – დანაშაულის ტენდენცია – ხან იზრდება, ხან გარკვეული ტიპის დანაშაულებები იზრდება, ხან მცირდება – ეს ხდება ყველა ქვეყანაში, არა მარტო საქართველოში. ეს ხდებოდა საქართველოში ყველა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ უნდა გავიხსენოთ და ხაზი გავუსვათ იმას, რომ დღეს მნიშვნელოვანია ამ სტატისტიკის გასაჯაროვება. თუნდაც იმ ფაქტის გასაჯაროვება, რომ მოიმატა. რასაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რაც მისასალმებელია – არ იმალება ციფრები.

ის, რომ დღეს სტატისტიკა აჩვენებს კრიმინალის ზრდას, ამაში სხვა ფაქტორებიც არის. აღრიცხვიანობა მოწესრიგდა – ეს პლიუსია თავისთავად და პოზიტივია; ყველა უმნიშვნელო ფაქტიც კი პოლიციის მიერ ფიქსირდებოდა როგორც დანაშაული ან დანაშაულთან მიახლოებული ფაქტი.

პოლიციის მიმართ სანდოობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გაიზარდა. ჩვენ გვახსოვს პოლიცია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და ჩვენ ვხედავთ პოლიციას დღეს, რომელიც მართლა იცავს წესრიგს. მე არაერთგზის გამომიცხადებია სოლიდარობა პოლიციისთვის და დღესაც სოლიდარობას ვუცხადებ პოლიციის რიგით თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე ზრუნავენ.“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი
შემდეგი სტატიათბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა გარდაიცვალა