ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 20, 2018 10:18

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-23 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ქვეყნის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარე ნიგმატილა იულდოშევთან და საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმოილოვთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაზიზ კამილოვთან, ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიმ ახმედხაჯაევთან, ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვთან და სამარყანდის ოლქის მერთან, ტურაბჟონ ჯურაევთან.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის საფლავსა და დამოუკიდებლობისა და ჰუმანიზმის მონუმენტს ყვავილებით შეამკობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამარყანდის ღირსშესანიშნაობებსა და თემურიდების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმს დაათვალიერებს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 20, 2018 10:18

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics