ირაკლი კობახიძე: არჩევნებზე დამდგარი შედეგი რეალური, პროგნოზირებადი იყო და ჩვენ ეს წინასწარ გათვლილი გვქონდა

ჩვენი პროგრამა მინიმუმი ამომრჩევლების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მიღება იყო, რაც პრინციპში მიღწეულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

„50%-მდე ცოტა დაგვაკლდა. თუმცა, რელურად, ყოველმა მეორემ ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მიღება იყო, ბუნებრივია, გათვლილი გვქონდა ისიც, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მანდატებს მივიღებდით. არჩევნებზე დამდგარი შედეგი რეალური, პროგნოზირებადი იყო და ჩვენ ეს წინასწარ გათვლილი გვქონდა. ზუსტად ვიცოდით, როგორი იყო მოსახლეობის განწყობა, რასაც ობიექტური კვლევებიც ადასტურებდა. კვლევები იმ თანაფარდობას აჩვენებდა, რა თანაფარდობითაც საარჩევნო ხმები გადანაწილდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზაციისაკენ მიმართული არ ყოფილა.

„ეს რეალურად, „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია იყო. მათ რეალურად, 4-წლიანი პიარსტრატეგია ჰქონდათ, რაც მთლიანად პოლარიზაციისკენ იყო მიმართული. შედეგი, რომელიც არჩევნებში დადგა, არსებითად, იმ პოლარიზაციის სტრატეგიის შედეგია, რომელიც პროპაგანდის სახით, „რუსთავი 2“-ის მეშვეობით ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებდა. ნაციონალებმა თავიანთი პროცენტი ამის ხარჯზე ხელოვნურად აწიეს. მათ შექმნეს პოლარიზებული სურათი, რაც ჩვენი სურვილი არ იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ სასურველი იყო, პარლამენტში 4-5 პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედეგი არ დადგა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მუშაობას აქტიურად განაახლებს.

„ამომრჩევლის წინაშე ამბიციური და რეალისტური გეგმით წარვსდექით და მყისიერად დავიწყებთ ზრუნვას, რომ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში ჩადებული თითოეული დაპირება განხორციელდეს. კონკრეტული ინიციატივების განხორციელების ვადები და პრიორიტეტულობა უახლოეს მომავალში განისაზღვრება. ეკონომიკური მიმართულებით, ჩვენს მთავრობას ძალიან ამბიციური 4-პუნქტიანი გეგმა აქვს, რომლის საბოლოო მიზანი თითოეული ოჯახის კეთილდღეობის მიღწევაა. პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ გეგმის განხორციელება საკანონმდებლო ინიციატივებით უზრუნველყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: რეალური ლეგიტიმაციის მხრივ, ქართული ოცნება უფრო სუსტია, ვიდრე 2012 წელს
შემდეგი სტატიაალეპო: თავგანწირული ბრძოლები ასადის აკადემიისათვის