ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარმა COVID-19-სა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარ სტელა კირიაკიდისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ზე და პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს, პანდემიით შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

ასევე, ისაუბრეს ვაქცინაციის მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ საქართველომ, COVAX-თან ინტენსიური თანამშრომლობით, ვაქცინის პირველი დოზები უკვე მიიღო და დამატებით მოცულობას, უახლოეს მომავალში ელოდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ სახელმწიფოებთან და აღნიშნა, რომ ამ პროცესში, ევროკავშირის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე და წარმატებით განხორციელებულ პროექტებს.

ვიდეოკონფერენციაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშიიუკნევიჩიენე – გამიმყარდა ეჭვი, რომ ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 133 ქვეყანაში მიმდინარეობს