ირაკლი ღარიბაშვილი : მჯერა, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს

რვა წლის განმავლობაში პარტია„ ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანას მოუტანა უპრეცედენტო თავისუფლება, ღირსება, სტაბილურობა და მშვიდობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მყარი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს შემდგომი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა.

„მე რვაწლიანი უპრეცედენტო მშვიდობა შემთხვევით არ მიხსენებია. ეს არის უიშვიათესი გამონაკლისი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, დამოკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როცა ქვეყანას აქვს სრული მშვიდობა და სტაბილურობა, რა არის პირადად ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი ერთიანი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატები წარადგინა.

„დღეს ჩვენ წარვადგინეთ მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატები, რომლებიც არიან შერჩეული პროფესიონალიზმის ნიშნით. მათ კარგად აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ ჩვენი მოსახლეობის წინაშე. მჯერა, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს გააკეთებს მშვიდობას, სტაბილურობასა და იმ ბნელ წარსულს შორის, რომელიც 2012 წლამდე იდგა საქართველოში. კერძოდ, ძალადობა, ადამიანების ჩაგვრა, მკვლელობები და ათასი უბედურება, ომი და ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და საყვარელმა ხალხმა გამოსცადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება.

„მჯერა, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ დამაჯერებლად და ღირსეულად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტიამ „ქართული ოცნება“ დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია დაიწყო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : თანმიმდევრულად მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : ჩვენი საქმიანობა აქტიური იქნება, რომ თავი დავაღწიოთ ორ უბედურებას, ოკუპაციას და ვირუსს