იოსელიანი: იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვას დაიცავს და ჰოსპიტალთან აქციებს არ გამართავს

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორია. ჩემი ინფორმაციით, გორის ჰოსპიტალი სრულად აღჭურვილი ჰოსპიტალია, სადაც უსაფრთხოების ზომები უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„გორის ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობა უკეთ იქნება გამოკვლეული და დაცული. კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას ეს ნაბიჯი უფრო ადრე გადაედგა და სიტუაცია ესკალაციამდე არ მიეყვანა, მაგრამ სჯობს, გვიან, ვიდრე არასდროს. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვას დაიცავს და იმ ჰოსპიტალთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იქნება, საპროტესტო აქციებს არ გამართავს. ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს. ორი პარტიის ბრძოლას ხალხის ინტერესები არ უნდა გადაყვეს. ხალხის ინტერესები ნამდვილად არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და „ქართული ოცნების“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამარჯვება. ხალხს სხვა პრობლემები და წუხილი აქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტალში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაანზორ მელია: მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, პირველი ნაბიჯი მაინც გადადგა ამ მთავრობამ