იმედს ვიტოვებ, უკრაინელი მეგობრები გამოფხიზლდებიან და მტრის ძებნას სხვაგან დაიწყებენ – ცაგარეიშვილი

ღრმად ვარ დარწმუნებული, არც ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ იქნება მოწოდებული საქართველოს ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა უკრაინული მედიის მიერ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის“.

ცაგარეიშვილის თქმით, რთულია, ასეთ გაუგონარ ბრალდებებს მიეჩვიო და ამ ყველაფერს საქართველოსგან შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„ეს განცხადება ისეთივე სანდოა, როგორც პირველი განცხადება. როდის იყო პირველი განცხადება? დაახლოებით ერთი თვის უკან ხომ? მტკიცებულებები სად არის? არ არის. არც ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ იქნება მოწოდებული საქართველოს ხელისუფლებისთვის და მთავრობისთვის. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. უბრალოდ, წინა განცხადებისგან იმით განსხვავდება, რომ ახლა შეთქმულების გეოგრაფია გაფართოვდა, საქართველოსთან ერთად სომხეთი და აზერბაიჯანიც არის ჩართული.

რაც შეეეხება საქართველოს, რთულია, ასეთ გაუგონარ ბრალდებებს მიეჩვიოს ადამიანი, არც ვაპირებთ, შევეგუოთ. ყველაფერ ამაზე ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი პასუხი ზომიერების ფარგლებში. ვითვალოსწინებთ, რომ იქ ხალხი იხოცება, რომ სისხლისგან იცლება უკრაინა ახლა და ყოველდღიურად საშინელი ტრაგედია ტრიალებს. ამიტომ, რბილად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ეს გაუგებრობა ადრე თუ გვიან ამოიწურება და ამგვარ უსაფუძვლო ბრალდებებს დაანებებს თავს შესაბამისი სამსახური.

არ ვიცი, ეს სად იწერება, რომელ კაბინეტებში და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ იმედს ვიტოვებ, გამოფხიზლდებიან ჩვენი უკრაინელი მეგობრები და მტრის ძებნას სხვაგან დაიწყებენ, იქვე, თავის ტერიტორიაზე და მომიჯნავე ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციაში“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილის თქმით, არ იცის, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს უკრაინის დაზვერვის სამსახურის მხრიდან მსგავსი განცხდებები.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე შორსმიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებ ამ აბსურდზე, რასაც ვისმენ ხოლმე ე.წ. დაზვერვის სამსახურიდან. ბოლოს და ბოლოს, როცა დაზვერვის სამსახური გქვია, სახელს მაინც უნდა ამართლებდე. ჩვენი ქვეყანა, რომელიც უკრაინელებთან ერთად არის ასოცირებული სამეულის წევრი, რომელიც უკრაინელებთან ერთად არის სუამის წევრი, რომელიც უკრაინელებთან ერთად ბოლო 30 წლის განმალობაში ყველა თავგადასავალში, ტრაგიკულში, თუ მეგობრულში მონაწილეობს, ყველაში თავიდან ბოლომდე, სულ მცირე, ტელეგრამ არხებით და სოციალური ქსელების მეშვეობით, ასეთ ბრალდებებს არ უნდა ვისმენდეთ. პირველი ბრალდება როცა იყო გახმოვანებული, ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს არხები, მათ შორის სპეცსამსახურებს შორის, რომელიც მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიერ არის დალაგებული და გამართული. ეს არხები უნდა იყოს გამოყენებული. როცა შენ გაქვს ინფორმაცია ამგვარ საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში, მათ უნდა ამცნო, რომ მწიფდება და მზადდება ესა თუ ის პროვოკაცია, თუ მოქმედება და ა.შ. რაზედაც ჩვენს სამსახურებს ექნებათ ელვისებური რეაგირება, და, რა თქმა უნდა, მომავლში თუ იქნება ასეთი რამ, შედეგების შესახებ ემცნობა უკრაინის სპეცსამსახურებს. ეს არ ხდება ხოლმე მედიის საშუალებით, ხდება ბრიფინგებზე, სოციალური ქსელებით და ვფიქრობ, ჩვენს საერთო მტერს, რუსეთის ფედერაციას ძალიან აწყობს ურთიერთობის დაძაბვა, გართულება და ორ მეგობარ ქვეყანას შორის დაქსაქსვა, ჩვენი დანაწილება – დაყავი და იბატონე, ეს რუსების პრინციპია, რომელსაც საუკუნეები ქადაგებენ, განსაკუთრებით კავკასიაში. ეს არავის გამოადგება, პირველ რიგში, ომის ქარცეცლში გახვეულ უკრაინას, რომელსაც ჩვენ 520 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავუგზავნეთ, თითქმის 40 000 ლტოლვილი მივიღეთ ამ ქვეყანაში, რომელთა ბავშვებისთვის სკოლები გავხსენით, საბავშვო ბაღებში მივიყვანეთ ბავშვები, რომელთა მშობლები დავასაქმეთ, ჭერი მივეცით.

ჩვენ დასამტკიცებელი არაფერი გვჭირს, არაფერი დაგვიშავებია. გამომდინარე აქედან, არც არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი და რაც უფრო გახშირდება ამგვარი ბრალდებები, მით უფრო ნაკლები ყურადღება მიექცევა ასეთ გაუგონარ ბრალდებებს. რა აზრი აქვს რამის მტკიცებას. თქვენ ახლა მე რომ დამაბრალოთ, რომ ისეთი რამ ჩავიდინე, რაც ბუნებაში არ არსებობს, მე უნდა ვამტკიცო ჩემი სიმართლე, თთ თქვენ უნდა დამიმტკიცოთ ჩემი მტყუანობა? რა თქმა უნდა, თქვენ უნდა დამიმტკიცოთ, მე რა შუაში ვარ, ამ შემთხვევაში საქართველო. რა უნდა ქნას საქართველომ. თუ ეს საკმარისი არ არის, თქვან, რა უნდათ. ჩვენგან რა უნდათ. მაინც და მაინც სააკაშვილი უნდათ ხელისუფლების სათავეში? არ გამოვა ეს ამბავი. სავარაუდოდ, ეს უნდათ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

წინა სტატიაშიჩვენ ვთავაზობთ ჩინეთს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი იყოს – კულება
შემდეგი სტატიარაც არ უნდა გააკეთოს პუტინმა თავის გენერლებთან ერთად, ჩვენი სვლა ევროპისკენ ვერ შეფერხდება – ცაგარეიშვილი