რაც არ უნდა გააკეთოს პუტინმა თავის გენერლებთან ერთად, ჩვენი სვლა ევროპისკენ ვერ შეფერხდება – ცაგარეიშვილი

ხვალ გადაეცემა ევროკავშირს საქართველოს მიერ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი და რამდენიმე დღეში გადაეცემა მეორე ნაწილი, ვფიქრობ, ძალიან მალე ორივე ნაწილი იქნება ბრიუსელში, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ყველა კითხვაზე არის სრული, ამომწურავი და კომპეტენტური პასუხი.

„ჩვენ წინმსწრებად ძალიან ბევრი საშინაო დავალება შევასრულეთ ბრწყინვალედ. დაგროვდა ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო გაწეული, რომელიც უნდა აისახოს ამ კითხვარში. წინმსწრებად​ იყო უამრავი რამე გაკეთებული და ჩვენ დღის წესრიგს, ასოცირების შეთანხმებით მოწოდებულს, გავუსწარი კიდევაც და გამომდინარე აქედან, ძალიან სწრაფად შეივსო პირველი ნაწილი, სწრაფად ივსება მეორე ნაწილიც. ყველა უწყება, მათ შორის დარგობრივი კომიტეტები, ჩართული არიან ამ კითხვარის შევსებაში. ხვალ გადაეცემა ევროკავშირს პირველი ნაწილი და რამდენიმე დღეში გადაეცემა მეორე ნაწილი. ვფიქრობ, ძალიან მალე ორივე ნაწილი იქნება ბრიუსელში. მათი გადასაწყვეტია ჩვენი კანდიდატობის საკითხი. ყველა კითხვაზე არის სრული, ამომწურავი, კომპეტენტური პასუხი“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ამას ვერაფერი შეაჩერებს.

„მოლოდინი გვაქვს ძალიან დადებითი ჩვენც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. ჩვენი ადგილი არის ევროპაში და ამას ვერაფერი შეაჩერებს. ეს არის შეუქცევადი პროცესი, რაც არ უნდა გააკეთოს პუტინმა თავის გენერლებთან ერთად, ჩვენი სვლა ევროპისკენ ვერ შეფერხდება“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიმედს ვიტოვებ, უკრაინელი მეგობრები გამოფხიზლდებიან და მტრის ძებნას სხვაგან დაიწყებენ – ცაგარეიშვილი
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შეჩერების შესახებ