,,იმაზე, რაც „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით მოხდა, პასუხისმგებლობა ცესკოს ეკისრება”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ეკა გიგაური პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების გამო პასუხისმგებლობას ცესკოს აკისრებს.
მისი თქმით ცესკოს მხრიდან უნდა გადამოწმებულიყო ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეგისტრაცია არ უნდა მომხდარიყო.

”თუკი მცდელობა იყო გადამოწმების და ინფორმაცია ვერ გადამოწმდა, რეგისტრაცია არ უნდა მომხდარიყო. საჯარო რეესტრში კონკრეტული ინფორმაცია იტვირთება ვებ-გვერდზე, თუ ეს ინფორმაცია არ არის განთავსებული, მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმების შემდეგ შესაძლოა დარეგისტრირდეს ესა თუ ის პარტია”, – განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა სწორედ ცესკოს ეკისრება.
”ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ცესკოს, რადგან საჯარო რეესტრმა ის, რაც მათი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იყო, შეასრულა. ამ შემთხვევაში ცესკოს უნდა გადაემოწმებინა პირი, რომელმაც მიიტანა დოკუმენტაცია, იყო თუ არა პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი. ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოს ან საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი მხრიდან ეს ინფორმაცია არ უნდა გადაემოწმებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირველი ფილტრი იყო საჯარო რეესტრი და მან თავისი ვალდებულება შეასრულა. ამის შემდეგ იყო ცესკო და მან ფაქტობრივად თავისი ფუნქცია ამ მიმართულებით არ შეასრულა”, – აღნიშნა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა.

მისივე შეფასებით, ამ მაგალითმა აჩვენა, რომ ადვილად შეიძლება ცესკოში დარეგისტრირდეს ისეთი პარტია, რომლის ქმედებები შესაძლოა კონსტიტუციისა და ქვეყნის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

”ამ მაგალითმა გვაჩვენა, რომ უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში დარეგისტრირდეს ისეთი პარტია, რომლის ქმედებები შესაძლებელია განხილულ იქნას როგორც კონსტიტუციის საწინააღმდეგო და მათ ყველა საშუალება ექნებათ იმისთვის, რომ ზუსტად ის დაპირებები, რაც აქვთ, განახორციელონ იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ჩვენი სისტემა არ არის მზად ასეთი გამოწვევებისთვის. ჩვენ დავინახეთ კიდეც, რომ ფაქტობრივად, ერთმანეთზე თითის გაშვერით არიან დაკავებულები კონკრეტული უწყებები. ჩვენ კანონმდებლობაშიც არის ძალიან ბევრი პრობლემა. აქედან გამოჩნდა ისიც, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა საშუალება არ ჰქონდა, რომ არ გაეშვა კლიპი, რომელიც ცალსახად საოკუპაციო ჯარების დაკანონებისკენ იყო მიმართული. არჩევნების შემდეგ, ახალმა პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დემოკრატიის პრინციპების და გამოხატვის თავისუფლების დაცვით, რომ ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთა ქმედებებიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, საქართველოში საქმიანობის უფლება არ ჰქონდეთ”, – განაცხადა გიგაურმა.

 

წყარო www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია – კითხვის ნიშანი მქონდა ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამის გაშვებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიავლადიმერ ბედუკაძე მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას, მისთვის დაცვის მოხსნის თაობაზე, “პატარა კაცუნების” მოქმედებას უწოდებს