იმ პირებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მის მიღებაზე უარს ორჯერ განაცხადებენ, ქვითრის ჩაბარება მაინც ჩაეთვლებათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 28, 2020 20:58

იმ პირებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მის მიღებაზე უარს ორჯერ განაცხადებენ, ქვითრის ჩაბარება მაინც ჩაეთვლებათ

იმ პირებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მის მიღებაზე უარს ორჯერ განაცხადებენ, ქვითრის ჩაბარება მაინც ჩაეთვლებათ. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტში დაკონკრეტებულია, რომ საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიღებაზე უარს იტყვიან სამართალდამრღვევი პირის ოჯახის წევრები. ესენი კი არიან – მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა, დეიდა, ბიცოლა, მამიდა და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

ინიციატორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მომზადების მიზეზი არსებული პრაქტიკაა, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი ეფექტური არ არის. კერძოდ, პრობლემურია პირისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა.

„დღეის მდგომარეობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს. არსებობს რიგი მიზეზები, რა დროსაც სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითარი ვერ ბარდება. ერთი მხრივ, როდესაც პირის რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი მისამართი სხვადასხვაა. ფოსტის მიერ რეგისტრაციის მისამართზე გაგზავნის შემდეგ აღარ არსებობს კონკრეტული ბერკეტი, რომელიც უზრუნველყოფს პირისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. მეორე მხრივ, სამართალდამრღვევი მიმართავს სხვადასხვა ხერხს, რათა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ექვს თვეს შეადგენს, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. არსებული მონაცემებით, კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გაცემული ჯარიმების რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 50 პროცენტის აღსრულება ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს აღწერილი აღსრულების მექანიზმის არაეფექტურობას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 28, 2020 20:58

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics