ილია II დავით გარეჯზე: აზერბაიჯანს და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა სხვა ძალას სურს

ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში, მაგრამ პროვოკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი.

„მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს. მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს.

ასევე, მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.

თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, ორივე მხარე, ღვთის წყალობით, შევძლებთ პრობლემების დაძლევას. ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბუნდესტაგი გოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ პეტიციას განიხილავს
შემდეგი სტატიასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას 31 მაისს აპირებს