,,ჰაუპტვახტი საბჭოთა გადმონაშთი იყო”

ჰაუპტვახტები ქართულ ჯარში დარჩენილი მკვეთრი საბჭოთა გადმონაშთი იყო და სიმართლე გითხრათ, გულწრფელად ვერ ვხვდები, აქამდე რატომ არ იყო ეს ნაბიჯი გადადგმული, – თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

„ეს არის ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაამწყვდიოთ, პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანი ისე, რომ ვერასოდეს ვერავინ ამის შესახებ ვერ გაიგოს, ვერც მისმა ოჯახის წევრებმა, ვერც მისმა ადვოკატმა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაცვის უფლებით, ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ვინმეს კეთილ ნებაზე. იმაზე, კეთილია იმ სამხედრო ნაწილის უფროსი თუ არა, კეთილია და კანონმორჩილია კონკრეტული მეთაური თუ არა. ვითარება, გარემო, ობიექტური გარემოებები უნდა იყოს ისეთი, რომ შეუძლებელს ხდიდეს კანონის დარღვევას. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი დანაყოფი კი ასეთი ობიექტური რეალობა არ არის. ჩვენ გვაქვს საიდუმლო ობიექტები, რომელზეც დაშვება არავის აქვს, ამიტომ როგორი კეთილიც უნდა იყოს მეთაური, ის იქ ვერ შეუშვებს, მაგალითად, იმავე ადვოკატს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეს სწორედ, ჰაუპტვახტების და სპეცუბნების გაუქმების პირობა დადო და ეს პირობა უკვე შესრულებულია.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატების საიდუმლო პროფესიონალ, მოქნილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარშია.
„18 წლის ასაკში რომ იყავით, ქეჩოში მოგკიდებდნენ ხელს და წაგიყვანდნენ ჯარში. როდესაც თქვენ ხართ 18-19-20 წლის ახალგაზრდა და ვიღაც გაიძულებთ, რაღაც გააკეთოთ, შეუძლებელია, ამით იყოთ ბედნიერი. ეს თავისთავად იწვევს იმ აგრესიას და უარყოფით დამოკიდებულებას, რომელიც არსებობდა ახალგაზრდებში და დღესაც არსებობს“,- განაცხადა ხიდაშელმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართულ ჯარს ამგვარი იძულება არ სჭირდება.

”სპეკულაცია იმის შესახებ, რომ, თურმე, ანტისახელმწიფოებრივი საქმით ვარ დაკავებული, იმიტომ, რომ იმ გამოწვევების ფონზე და იმ მაღალი რისკების ფონზე, რომელიც ქვეყანას აქვს, სავალდებულო სამსახურის გაუქმება ნიშნავს რაღაცის დაუკმაყოფილებლობას, ეს არის ან ძალიან ღრმა არაპროფესიონალიზმი ან, უბრალოდ, ტყუილი, რომელიც ახასიათებს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილს. ეს არ მიკვირს… საქართველოს წარმატება არ არის რაოდენობაში, საქართველოს წარმატების საიდუმლო არის პატარა, მაგრამ პროფესიონალ, მოქნილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარში, რომელსაც შემაკავებლის ფუნქცია აქვს და რომელთან დაპირისპირებაზეც 2-ჯერ და 3-ჯერ მეტად დაფიქრდებიან, ვიდრე მანამდე, სხვა შემთხვევაში დაფიქრდებოდნენ, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ “,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატია(video) თურქეთის პრემიერმა თანამდებობა დატოვა