ჰარცელი – ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების პროცესში ყველა პოლიტიკური მხარის ჩართულობა იხილეს.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, შეთანხმებით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით წინსვლაა.

„პირველ რიგში, როდესაც შეთანხმების იმპლემენტაციაზე ჩემს შეფასებას ეხება საქმე, 19 აპრილის შემდეგ ერთი ფუნდამენტური ფაქტორი იყო, რომ შეთანხმების განხორციელების პროცესში ყველა პოლიტიკური მხარის ჩართულობა ვიხილეთ. პოზიტიურად ვარ განწყობილი, თუ როგორ მიუდგა ყველა მხარე ამ გამოწვევას. როგორც ვიცით, ჩვენ გვაქვს წინსვლა მნიშვნელოვან თემებში. მნიშვნელოვანია ამ სულისკვეთების შენარჩუნება – როგორც მმართველმა პარტიამ, ისევე ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აუცილებელი კომპრომისის მისაღწევად. ამ ეტაპზე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. თუ ეს წარმატებით დასრულდება, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებასთან ერთად, რეალურ ნაბიჯს გადავდგამთ ისეთი პარლამენტისკენ, რომელიც სრულფასოვნად ფუნქციონირებას შეძლებს. პროცესი მიმდინარეობს და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამის ნაადრევი შეფასებისას. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე პოზიტიურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ჰარცელმა განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით, პარტიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ამასთან, ჰარცელი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რაც შეეხება მათ, ვინც აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას, ვგულისხმობ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ, ყველანი ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, ისინი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩემთვის ეს იქნება ლოგიკური ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ ისინი მონაწილეობდნენ საარჩევნო, მართლმსაჯულების და სხვა რეფორმების შესახებ განხილვებში, რაც ამჟამად მიმდინარეობს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიწულუკიანი – მესმის, გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის
შემდეგი სტატიაარა ოკუპანტის ამნისტიას – 20 ივნისს გავრიგლოვის ღამის დაზარალებულები აქციას გამართავენ