გვინდა საჯარო სამსახურების ვაკანსიები ხელმისაწვდომი გავხადოთ უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეებისთვის, რათა მათ არ მოუწიოთ იქ დარჩენა

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, მის უწყებას იდენტიფიცირებული ჰყავს გარკვეული სამიზნე ჯგუფები, რომლებთანაც დაიწყება მუშაობა, ევროპაში თავშესაფრის ძიების საფრთხეებზე ინფორმაციის მიწოდების კუთხით.

როგორც საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, გამოკვეთილია ორი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ევროპაში თავშესაფარს ითხოვენ.

„კატეგორიებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამუშაო არის. ჩვენ გვაქვს გარკვეული მონაცემები, მაგრამ მეტი კვლევა და მეტი ანალიზია საჭირო. ძირითადად იკვეთება ორი ჯგუფი, ის ვინც აზიანებს გარემოს და ხელს უწყობს სტატისტიკის ზრდას. ესენი არიან პირველ რიგში ისინი, ვინც თავშესაფარს იყენებენ კრიმინალური აქტივობისთვის და ეს არის შემაწუხებელი, მიუხედავად იმისა, რომ ციფრები დიდი არ არის. მეორე ჯგუფი კი არის ის, ვინც სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ცდილობენ თავშესაფრის მიღებას. ამ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო დიდი რისკის და პრობლემის ქვეშ აყენებენ საკუთარ თავს. მაგალისთვის – შვედეთის სტატისტიკით, დაახლოებით 1000-მდე განაცხადი იყო შესული თავშესაფრის მოთხოვნის და გასულ წელს არც ერთი არ დაკმაყოფილდა ანუ გამოდის, რომ ეს ადამიანები იმ მწირე რესურსს, რომელიც მათ გააჩნიათ, ზოგ შემთხვევაში სახლებსაც კი აგირავებენ და სესხულობენ თანხას, რათა წავიდნენ და ამასაც კარგავენ ანუ თავშესაფრის მოთხოვნის უდიდესი ნაწილი არ კმაყოფილდება“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, გარკვეულწილად იდენტიფიცირებულია სამიზნე ჯგუფები, რომლებთანაც მოხდება მუშაობა საფრთხეების კუთხით.

„სამიზნე ჯგუფები გარკვეულწილად იდენტიფიცირებული გვყვავს და კამპანიის ფარგლებში ჩვენ ამ ჯგუფებამდე გვსურს მივიტანოთ ინფორმაცია, თუ რა საფრთხეების წინაშე დადგებიან ისინი, როდესაც ბოლო შესაძლებლობას გამოიყენებენ წასასვლელად, მაგრამ იქ ვერ მიიღებენ იმას, რასაც ელიან. არც ვიზალიბერალიზაცია და არც თავშესაფარი არ ემსახურება სოციალური პირობების დაკმაყოფილებას. ძალიან კარგად მუშაობს ასევე რეადმისიის შეთანხმება და იმ ადამიანებს, რომლებსაც ვიბრუნებთ, ვცდილობთ, გვქონდეს შესაბამისი პროგრამები მათი რესოციალიზაციისთვის. ჩვენ გვინდა ასევე ჩვენი საჯარო სამსახურების ვაკანსიები ხელმისაწვდომი გავხადოთ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რათა მათ არ მოუწიოთ იქ დარჩენა და სამუშაოს ძიება საზღვარგარეთ“, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიენმ-ს ქუთაისის ორგანიზაცია იმერეთის გუბერნატორის და ვიცე-გუბერნატორების ხელფასების ზრდას აპროტესტებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი თინა ბოკუჩავას – ბიძინამ თქვენს დასამარცხებლად გამომგზავნა, რაც მოვახერხე პირველ ოქტომბერს 72%-ით