გურიის პოლიციამ ბახმაროს თეატრის შენობის შიდა კედლებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ექვსი არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ექვსი არასრულწლოვანი ამხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ​მხილებული არიან თბილისიდან, ბათუმიდან, გურიისა და აჭარის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან კურორტ ბახმაროში დასასვენებლად ჩასული მოზარდები: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., 2004 წელს დაბადებული რ.დ., 2005 წელს დაბადებული მ.ხ. 2005 წელს დაბადებული ა.კ. და 2004 წელს დაბადებული ს.ჩ. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა, სხვა მოზარდებთან ერთად, უკანონოდ შეაღწიეს ბახმაროს თეატრის შენობაში, სადაც დარბაზის შიდა კედლები და რამდენიმე სავარძელი დააზიანეს. მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა.

ყველა მხილებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით. სამართალდამცველები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით ინტენსიურ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ. ასევე, მიმდინარეობს მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმას აქვს ის ძალა, რომ ებრძოლოს ამ ოლიგარქიულ რეჟიმს და თავისი ქვა დადოს ამ სისტემის დემონტაჟში – გოცირიძე მამუკა ხაზარაძეზე საუბრობს
შემდეგი სტატია,,ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება?!-,,ოცნებაში“ დიდი დაჭერებისთვის ემზადებიან”