მას აქვს ის ძალა, რომ ებრძოლოს ამ ოლიგარქიულ რეჟიმს და თავისი ქვა დადოს ამ სისტემის დემონტაჟში – გოცირიძე მამუკა ხაზარაძეზე საუბრობს

მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ის სექტემბრიდან გააქტიურებას აანონსებს, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ეხმაურება.

იგი დადებითად აფასებს მამუკა ხაზარაძის გააქტიურების მცდელობას და ამბობს, რომ ბიზნესმენმა აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, თუ პოლიტიკური მდგომარეობის გამო მიიღო.

„კარგია, რომ ის გააქტიურდა, კრიტიკით არ ვამბობ, თუმცა, სანამ მას არ შეეხნენ, მანამდე სად იყო და ა.შ. ყოველგვარი მსგავსი კბენები არის მეორეხარისხოვანი. მას აქვს ის რესურსი, რომ საკმაო პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღოს და მას აქვს ის ძალა, რომ ებრძოლოს ამ ოლიგარქიულ რეჟიმს და თავისი ქვა დადოს ამ სისტემის დემონტაჟში,“ – განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძემ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება დააანონსა, რეალურად ეს პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გულისხმობს. დეპუტატის თქმით, თავად ბიზნესმენს შეეხო ქვეყანაში არსებული რეპრესიები.

„მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ ის ქმნის პოლიტიკურ მოძრაობას, სინამდვილეში ასე უნდა გავიგოთ, ეს არის იმის ნიშანი, რომ უკვე უკიდურეს ზღვრამდე არის მისული ქვეყანაში ვითარება და ბიზნესს უკვე არ შეუძლია სუნთქვა და რაღაც უნდა იღონოს ყველამ ერთად. მან საკუთარ ტყავზე და თავზე იგრძნო რეპრესიული სუსხი, რეპრესიული ზეწოლის სიმძიმე, ფაქტობრივად, პატიმარია, ქვეყნიდან გასვლის უფლებაც კი არ აქვს. ამ მასშტაბის კომპანიების და ამ პროექტების ხელმძღვანელისადმი ასე მოქცევა სიგნალია სხვა ბიზნესისთვის, რომ თუ მას ექცევიან ასე, სხვებს გაჭყლეტენ ჭიაღუასავით,“ – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, გახდება მამუკა ხაზარაძე – გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაგურიის პოლიციამ ბახმაროს თეატრის შენობის შიდა კედლებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ექვსი არასრულწლოვანი ამხილა