გურამ გაბესკირია: ფეხბურთელი, მსაჯი, სოხუმის მერი- საქართველოს ეროვნული გმირი

ფეხბურთელის, მსაჯის, მენეჯერის, მებრძოლის, სოხუმის მერის- საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას (1947-1993) სახელი და გვარი დიდი ასოებით არის შესული თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი გურამი 1960 წლების ბოლოს – 1970 წლების დასაწყისში თამაშობდა სოხუმის “დინამოში”, თბილისის „სკა“-ში, კრასნოდარის “ყუბანში”, ლანჩხუთის “გურიაში”, კისლოვოდსკისა და სტავროპოლის გუნდებში. გურამი იყო ჟინიანი ფორვარდი უძლიერესი დარტყმით, სტანდარტული სიტუაციების და ფეხის წვერით თამაშის ოსტატი. ამ სტრიქონების ავტორი გურამს 1969 წლიდან იცნობდა-მეოთხე კლასში ვიყავი. იმ წლებში ჩემი და თანაკლასელების (სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა) გასართობი ფეხბურთი და ზღვა იყო, სხვა გასართობი არ გვაინტერესებდა.

ერთერთი მატჩის დროს სოხუმის ძველ სტადიონზე (ორჯონიკიძის ქუჩა) მან ისე ძლიერად დაარტყა, რომ კინაღამ კარის ძელი მოამტვრია, რამაც მაყურებლების ოვაციები გამოიწვია. მატჩის შემდეგ მივედი გურამთან და ვკითხე „გურამ ბიძია, ვინ გასწავლათ ასეთი თამაში?“ – რომ გაიზრდები, შენც გასწავლიო, მითხრა. იმდღიდან ერთმანეთს ვიცნობდით, ძალიან უყვარდა ბავშვები, მაშინ ფეხბურთზე დასასწრები ბილეთების შოვნა ძალიან ძნელი იყო და ჩვენ, მოზარდებს, სულ გვაძლევდა ბილეთებს.
ტრავმის გამო 1973 წ.( 27 წლის ასაკში) შეწყდა მისი კარიერა. შემდეგ გურამი წარმატებული მსაჯი გახდა (1973 წელს იმსაჯა პირველი მატჩი-ეს იყო სოხუმში ჩატარებული სპარინგ- შეხვედრა ერევნის „არარატის“ და ალმა-ათის „ყაირათის“ გუნდებს შორის). დასაწყისში საქართველოს პირველობის მატჩებს მსაჯობდა, შემდეგ კი სსრკ-ს მეორე, პირველი და უმაღლესი ლიგის თამაშებს (1975-1985), ჯერ გახდა რესპუბლიკური კატეგორიის, შემდეგ კი საკავშირო კატეგორიის არბიტრი. მსოფლიოში აღიარებული მსაჯი, ფიფას არბიტრი, ბორჯომში დაბადებულ-გაზრდილი და სოხუმში დავაჟკაცებული, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მსაჯად აღიარებული ანატოლი მილჩენკო ასე ახასიათებდა მას: “გურამი იყო ძალიან ყურადღებიანი და ვაჟკაცი ადამიანი. როდესაც გურამთან ერთად ვმსაჯობდი, მშვიდად ვიყავი, მას ერთი შეხედვით და სიტყვით შეეძლო თავის ადგილზე დაეყენებინა ნებისმიერი ავტორიტეტული ფეხბურთელი, მწვრთნელი, მსაჯი, ჩინოვნიკი.

ერთხელ მოსკოვში ვმსაჯობდით მოსკოვისა და კიევის დინამოელთა შეხვედრას(1980 წლების დასაწყისი-ავტ.). ცნობილი ფეხბურთელი, მოსკოვის დინამოელი ვალერი გაზაევი მსაჯების ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ზოგჯერ უხეშ სიტყვებს იყენებდა. გურამმა დამიძახა და მითხრა: “ტოლიკ , გააძევე ეს ფეხბურთელი! თუ არ გააძევებ, გვერდით ხაზს მივატოვებ და ვაჩვენებ სეირს”. ქართულად ვუპასუხე: “გურამ, რას ამბობ, ეს ხომ ცენტრალური სტადიონია, მთავარი მატჩია, დამშვიდდი”. მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელიდან გავედით და ავტობუსში ვსხდებოდით, როცა დავინახეთ – გაზაევს შეუკრებია გულშემატკივრები, რომელმაც ჩვენი სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს. გაზაევი განზე იდგა. გურამმა მათ გასძახა: “ჩემთან მოდით, ყველას გაგიმასპინძლდებით”. მომიწია გურამის კიდევ ერთხელ გაჩერება. ვიცოდი, გურამი მამაცი კაცი იყო, რომელსაც არა მხოლოდ ერთის, არამედ რამდენიმეს ცემა შეეძლო, მაგრამ ჩვენს წინაშე იყო ბრბო. არავინ უწყის, რა მოხდებოდა”.
გურამი ფეხბურთში წარმატებული მენეჯერი გახდა, შემდეგ ის იყო სოხუმის “ცხუმის” დაარსების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი (1990 წლის მარტში) და კლუბის პრეზიდენტი 1990-1993 წლებში, იმ კლუბის, რომელიც ორჯერ (1990 და 1992 წლებში) გახდა საქართველოს თასის ფინალისტი,1992 წლის მაისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და მოიპოვა საგზური უეფა-ს თასზე, მაგრამ 1992 წლის ივლისში საქართველოში “რთული მდგომარების” მოტივით უეფა-მ არ დაუშვა ჩვენი ქვეყნის კლუბები (თბილისის “დინამო” და სოხუმის “ცხუმი”) ევროტურნირებზე მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები უკვე შეყვანილი იყვნენ მონაწილეთა წინასწარ სიაში.
მტკიცე ხასიათსა და ორგანიზაციულ ნიჭს გურამი ყველა თანამდებობაზე წარმატებით იყენებდა. ის სამეწარმეო საკითხებშიც კარგად ერკვეოდა, იყო წარმატებული მეწარმე და სოხუმის თევზკომბინატის დირექტორი, 1990 წლის დეკემბრიდან, როდესაც აფხაზეთში მოსკოვის წაქეზებით ძალიან გააქტიურდნენ რადიკალურად განწყობილი სეპარატისტული ძალები, ადგილობრივი მაღალჩინოსნების თათბირზე ხშირად თამამად და არგუმენტირებულად ეკამათებოდა მაშინდელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბას.
1992-93 წლებში რუსეთთან ომის დროს გურამი ეხმარებოდა სოხუმის მაცხოვრებლებს, უგზავნიდა საკვებს, უწევდა მორალურ დახმარებას, განსაკუთრებულ ყურადღებას მოხუცებს და ბავშვებს აქცევდა. 1992 წლის შემოდგომიდან გურამი სოხუმის მერი იყო.
1992-1993 წლებში რუსეთთან ომის დროს გურამმა რამდენიმე ადგილობრივს, მათ შორის მე, გვითხრა, იმ სოხუმელების სია მომიტანეთ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირსო და მათ პროდუქტით, ტანსაცმლით და მორალურადაც დაეხმარა. ” მათ არ უნდა იფიქრონ, ამ დროს ჩვენ არავის ვახსოვართო!” -ამბობდა გურამი.
1993 წლის 20 თებერვალს რუსეთის ავიაციის მოიერიშე თვითმფრინავმა დაბომბა სოხუმის ჩემი საცხოვრებელი უბანი, 500 კგ-იანი ბომბი ჩამოვარდა ჩემი და ჩემი მეზობლის კერძო სახლის ეზოში, დაიღუპა მამაჩემი ბოჩია, დაიჭრა დედაჩემი ნანული, მე, რამდენიმე მეზობელი. მე და დედაჩემი ვმკურნალობდით ჯერ სოხუმში, მერე უცხოეთში- ყველგან ვგრძნობდით გურამის ყურადღებას – გვირეკავდა, გვიგზავნიდა მედიკამენტებს, გვამხნევებდა მორალურად.
აღსანიშნავია, რომ 1992-1993 წლების რუსეთთან ომის დროს (იხილეთ ვრცელი სტატია იმ ომზეhttps://www.timer.ge/14-08-1992-rogor-mtsipdeboda-ruseth-saqarthvelos-omi/)

სოხუმში დასუფთავების სამსახური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გამართულად მუშაობდა. როდესაც ეშერიდან ან სხვა მხრიდან იბომბებოდა სოხუმის რომელიმე ქუჩა, მეორე-მესამე დღეს შესაბამისი სამსახურები მას აუცილებლად აღადგენდნენ. ეს იყო გურამის მუშაობისა და ცხოვრების სტილი – საქმიანი, კეთილი და მამაცი ადამიანი იყო!
1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის არმიის მეომრებმა, ჩრდილოკავკასიელთა და აფხაზთა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა შტურმით აიღეს სოხუმი: გურამ გაბესკირია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან და მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავასთან ერთად დაატყვევეს, მოგვიანებით ტყვეები სხვა ბოევიკების ხელში, რომლებმაც რამდენიმე საათში, სოხუმთან ახლოს სასტიკი წამებით მოკლეს. გურამი 46 წლის იყო. ვიდეოკადრებში, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზმა ვიდეოოპერატორებმა გადაიღეს და 1996 წელს ჟიული შარტავას დაცვის ერთ-ერთი წევრის მეუღლემ და გაბესკირიების ოჯახმა მოიპოვა, ნათლად ჩანს ქალაქის მერი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს ბოევიკებმა დატყვევებული მთავრობის წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად მთავრობის შენობის წინ მოედანზე გაიყვანეს. გურამს, როგორც გამორჩეულ პიროვნებას, დაჩოქება უბრძანეს. გურამ გაბესკირიას პასუხი იყო ლაკონიური და კატეგორიული – „არასოდეს სიცოცხლეში!”(Никогда в жизни!).ამ ეპიზოდს უფრო დიდ დატვირთვას აძლევს გურამის დამახასიათებელი გამომეტყველება და ხელის მოძრაობა იმის დასტურად, რომ ის არასოდეს დაიჩოქებს!
გურამის მეუღლეს, ქალბატონ ჟანას, შვილებს ეკას და ვლადიმერს (ბოხოს) დიდ¬ხანს არ სჯეროდათ, რომ გურამი მოკლული იყო და 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობდნენ მისი ბედის გარკვევას. 2005 წელს თბილისში ამერიკელი ფოტოხელოვანის მალკომ ლინტონის ფოტოგამოფენაზე ერთ-ერთ ფოტოზე გურამის ოჯახის წევრებმა 1993 წლის 27 სექტემბერს დაღუპულთა შორის გურამ გაბესკირიაც ამოიცნეს.

სიკვდილიდან 24 წლის შემდეგ მოხერხდა მისი ნეშტის იდენტიფიცირება და თანამებრძოლებთან ერთად თბილისში გადმოსვენება. 2017 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. გურამმა მთელი თავისი ცხოვრება იცხოვრა ვაჟკაცურად, სამართლიანად, ბევრი გააკეთა საქართველოსთვის და ჩვენი სამშობლოს ერთიანობას შესწირა თავი.

 

 

თენგიზ პაჭკორია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
ფოტოები – გურამ გაბესკირიას ოჯახის არქივიდან

banner
წინა სტატიაშითუშეთი გარესამყაროს მოსწყდა (ექსკლუზივი)
შემდეგი სტატიაცხინვალის ხელისუფლება თალიბანს ჩაეხუტა