14.08.1992 როგორ მწიფდებოდა რუსეთ-საქართველოს ომი?!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 13, 2020 19:51

14.08.1992 როგორ მწიფდებოდა რუსეთ-საქართველოს ომი?!

სოხუმი, 1992 წლის იანვარი, აფხაზეთის ა/ რ უმაღლესი საბჭოს სესია, მარჯვნივ თენგიზ პაჭკორია, მარცხნივ ბრიტანელი ჟურნალისტი ბრიუს კლარკი.

1963-1964 წწ ხრუშჩოვი აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოშორებას ცდილობდა.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც ცოტა მოგვიანებით მასშტაბურ ომში გადაიზარდა არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით. კრემლი დიდი ხანი ცდილობდა აფხაზეთის მხარის (საქართველოს ისტორიული და განუყოფელი ნაწილის) ჩამოშორებას საქართველოსგან. მათთვის, ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, კრემლის ეს მცდელობა რამდენიმე ათეული წელი იგრძნობოდა და ეს ვლინდებოდა როგორც ფარულ, ისე ღია ფორმებში. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ ამ საკითხის ისტორიაში (რუსეთის ცარიზმისა და სსრკ არსებობის პირველ პერიოდში – 1920 წლებში), გეტყვით, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი ( 1894-1971 წწ), რომელიც 1953 წლის სექტემბრიდან 1964 წლის 14 ოქტომბრამდე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისს (სკკპ) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და 1958-1964 წწ სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, 1963-1964 წწ ბიჭვინთაში დასასვენებლად ყოფნის დროს აქეზებდა აფხაზური პარტიული ელიტის წარმომადგენლებს, მოსკოვში გასაგზავნად მრავალათასიანი ხელმოწერით მოემზადებინათ აფხაზური მოსახლოების წერილი – აფხაზეთის ა/რ კრასნოდარის მხარესთან მიერთების თხოვნით. ხრუშჩოვს ბევრი მიზეზის გამო ეს არ გამოუვიდა – იმ მომენტში პრინციპული პოზიცია დაიკავეს როგორც ავტონომიის პირველმა პირებმა, აგრეთვე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და სსრკ ხელისუფლების იმ ნაწილმა, რომელიც ლოიალური იყო საქართველოს ერთიანობის მიმართ. არც ცნობილმა აფხაზმა პარტიულმა მოღვაწემ და მეცნიერმა მიხეილ ბღაჟბამ (1915-1993), რომელიც 1958-1965 წწ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო, არ დაუჭირა მხარი ხრუშჩოვის ამ წინადადებას. მან არ თუ არ დაიწყო ასეთ წერილზე მუშაობა და მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა აფხაზური ინტელიგენციისა და მოსახლეობის მხრიდან, არამედ პირიქით, შეატყობინა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ქართველ წევრებს და ბიჭვინთიდან დაუყოვნებლივ თბილისში გაფრინდა. ხრუშჩოვის ამ ვერაგული იდეის შესახებ ბღაჟბამ ვასილი მჟავანაძეს (1902-1988 ) შეატყობინა, რომელიც 1953 წლის სექტემბრიდან 1972 წლის 28 სექტემბრამდე საქართველოს კომპარტიის ცკ პირველი მდივანი,1957-1972 წწ კი სკკპ ცკ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი იყო. მჟავანაძემ სსრკ ცენტრალური ხელისუფლების ნაწილის და სხვა საკავშირო რესპუბლიკების ხელმძღვანელების მხარდაჭერით ხრუშჩოვის ამ მუხანათური გეგმის ჩაშლა მოახერხა .
პარტიული და სახელმწიფო მოღვაწეებისგან ცნობილია აგრეთვე, რომ ნ. ხრუშჩოვი 1960 წლების დასაწყისში მჟავანაძესთან და საქართველოს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან საუბრების დროს მუქარა-ნარევი ხუმრობით ამბობდა „ქართველებო, ფრთხილად იყავით, თორემ აფხაზებს თქვენს წინააღმდეგ ავამხედრებ!“

ბრეჟნევის ლოიალობა და სუსლოვის წაქეზება:
ამიტომ, გასაკვირი არ იყო, ვ.მჟავანაძემ და საქართველოს იმდროინდელმა ხელმძვანელობამ 1964 წლის ოქტომბერში მოსკოვში იმ ძალებს დაუჭირა მხარი, რომლებმაც ხრუშჩოვი გადააყენეს და ხელისუფლებაში მოიყვანეს ლეონიდ ბრეჟნევი (1906-1982): ის გახდა სკკპ ცკ პირველი მდივანი (ამ პოსტს 1966 წლიდან გენერალური მდივანი ეწოდა), 1977 წლიდან გარდაცვალებამდე ერთდროულად იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
ბრეჟნევის პერიოდის სსრკ ხელისუფლების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა საქართველოს ერთიანობას, თუმცა, იმ ხელმძღვანელობაშიც იყო რამდენიმე გავლენიანი პირი, ვინც აქეზებდა აფხაზთა ნაწილს საქართველოსგან გამოყოფის მიმართულებით. ასეთი მოღვაწეების რიცხვს მიეკუთვნოდა მიხეილ სუსლოვი (1902-1982), რომელიც 1955-1982 წწ სკკპ ცკ პოლიტბიუროს წევრი, 1960-1970 წწ კი სკკპ მთავარი იდეოლოგი იყო და სსრკ ხელისუფლების „რუხ კარდინალად“ იწოდებოდა. სეპარატისტულად განწყობილი აფხაზი მოღვაწეები არც მალავდნენ, რომ მათ მოსკოვში სუსლოვისა და კიდევ რამდენიმე გავლენიანი პირის მხარდაჭერა ჰქონდათ. მოსკოვიდან ასეთი ძალების წაქეზებით 1967 წლის ივნისში აფხაზი ჩინოვნიკებისა და ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა სოხუმში მოაწყო აქციები და მიტინგები, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონების სოფლებიდან ჩამოყვანილი გლეხები. ამ აქციების ორგანიზატორებმა 1967 წლის ივნისში პირველად საჯაროდ დაფიქსირეს ლოზუნგი აფხაზეთის ა/ რ საქართველოდან გამოყოფის შესახებ. 2007 წელს სოხუმში აღნიშნეს ამ აქციების 40 წლისთავი და ხაზი გაუსვეს, რომ 1967 წელს ვ. მჟავანაძემ შესძლო ამ გეგმის დაბლოკვა და ჩაშლა მოსკოვში. შემდგომშიც,კერძოდ 1978 წელს, სსრკ ხელმძვანელობის რამდენიმე გავლენიანი პირის წაქეზებით აფხაზეთში გაიმართა სეპარატისტულად განწყობილი ძალების ანტიქართული მიტინგები, გაფიცვები და მიმართვები, რომელთა შეჩერებას შეეცადა ადგილობრივი ქართული მოსახლეობა და საქართველოს კომპარტიის ცკ პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე ( მას ეს პოსტი ეკავა 1972 წლის 29 სექტემბრიდან 1985 წლის 5 ივლისადმე,1985-1990 წწ და 1991 წლის ნოემბერ -დეკემბერში ის იყო სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი). იმ დროს საზოგადოების ერთ ნაწილში გავრცელებული იყო აზრი, რომ 1978 წელს შევარდნაძე ობიექტური და სუბიექტური მიზეზებისა და ფაქტორების გამო სეპარატისტული ძალების და მათი მოსკოველი წამქეზებლების წინაშე გარკვეულ დათმობებზე წავიდა. საზოგადოების მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ 1978 წელს შევარდნაძეს მოსკოვში იმდენი გავლენა არ ჰქონდა, როგორიც თავის დროზე მის წინამორბედ მჟავანაძეს, რომ სეპარატისტებისა და მათი მოსკოველი დამქაშების შორს მიმავალი გეგმები ჩაეშალა.
სკკპ ცკ პოლიტბიუროს უდიდესი ნაწილი ლ.ბრეჟნევის მეთაურობით მხარს უჭერდა საქართველოს ერთიანობას, თუმცა მოსკოვში ის გავლენიანი პირები, ვინც სხვადასხვა ფორმით 1960-80 წწ ცდილობდნენ საქართველოდან აფხაზეთის ა/ რ გამოყოფას, არ წყვეტდნენ თავიანთ აქტივობებს, ხოლო საქართველოს იმდროინდელ ლიდერებს (მჟავანაძე, შევარდნაძე, პატიაშვილი) უხდებოდათ ბევრი ფიქრი და მუშაობა ამ სცენარის ჩასაშლელად.
ამ ისტორიას იმიტომ ვყვები, რომ როცა 1988-1990 წწ საქართველოს სხვადასხვა
ქალაქებში მიმდინარეობდა აქციები სსრკ- დან გამოყოფის მოთხოვნებით, ამ საკითში კარგად ჩახედული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები და მე, როგორც ამ საკითხში ინფორმირებული სოხუმელი ჟურნალისტი, ამ აქციების რამდენიმე ორგანიზატორს და ლიდერს ვეუბნებოდით – უნდა გამოვიჩინოთ პოლიტიკური სიფრთხილე, რათა ავიცილოთ გართულებები, არ მოხდეს აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორება!
მე, როგორც ჟურნალისტი და მოქალაქე ყველა დონეზე, სადაც შემეძლო და სადაც მიმიწვდებოდა ხმა (იმ დროს ინტერნეტი არ იყო) ვეუბნებოდი ქართველ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, თანამდებობის პირებს, რომ თუ სსრკ დროს ხრუშჩოვი, შემდეგ სუსლოვი და ა.შ. ცდილობდნენ ჩამოეშორებინათ აფხაზეთის ა/რ საქართველოსგან , ასეთი შინაარსის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მოსკოვი უფრო მეტად გააძლიერებდა.
იგივეს ამბობდნენ საქმეში კარგად ჩახედული ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, თუმცა 1989-1991 წწ ბევრმა პოლიტიკოსმა არ მოისმინა, ან არ გაითვალისწინა ამგვარი გაფრთხილება: ისინი თვლიდნენ, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა დასავლეთიდან და მოსკოვი ვერ მოახერხებდა ასეთი მზაკვრული გეგმის განხორციელებას.
რასაკვირველია, იმდროინდელ პოლიტიკოსებში იყვნენ ისეთებიც, ვისაც ეს საშიშროება კარგად ჰქონდათ გააზრებული, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ხერხები და ბერკეტები აეცილებინათ საქართველოსთვის ამგვარი საფრთხე. იმ პერიოდში ყველას ვახსენებდი ერთ საინტერესო ფაქტს: 1988 წლის ნოემბერში თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების – შიმშილობის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს
კომპარტიის ცკ პირველ მდივანთან ჯუმბერ პატიაშვილთან (მას ეს პოსტი ეკავა 1985 წლის 6 ივლისიდან 1989 წლის 14 აპრილამდე). შეხვედრის (გადაიცა ტელევიზიით) ერთერთი მონაწილის კითხვაზე -„ თუ საქართველო სსრკ-დან სწრაფად გამოვა, როგორი იქნება აფხაზეთის ა/ რ და სამ. ოსეთის ავტონომიური ოლქის
ბედი?“ ჯ.პატიაშვილმა უპასუხა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა არ დავკარგოთ აფხაზეთი და ცხინვალი, რადგან ამის საშიშროება არის. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებდა პატიაშვილის მოღვაწეობას, მე ვეუბნებოდი პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, რომ საქართველომ უნდა მიაქციოს ყურადღება ამ გაფრთხილებას და მოსკოვთან წარმართოს პრაგმატული პოლიტიკა და კრემლს არ მისცეს საბაბი და მომენტი, რომ საქართველოს ჩამოაშორონ ჩვენი ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონი. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, იმ დროს ქართულ პოლიტიკური წრეების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ სსრკ დაშლის შემდეგ კრემლი ვერ მოახერხებდა ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებას და დასავლეთი არ მისცემდა მოსკოვს ამის საშუალებას.

1992
1992 წლის პირველ თვეებში სიტუაცია აფხაზეთში უკიდურესად დაიძაბა, მოსკოვი აშკარად აქეზებდა იმ ძალებს, რომლებიც ქადაგებდნენ ავტონომიის საქართველოსგან გამოყოფას. თუმცა, ყველა, მათ შორის აფხაზ პოლიტიკოსთა ნაწილი, ხვდებოდა, რომ კრემლი ამ ძალების გამოყენებას რუსეთის გავლენის ზონაში საქართველოს შესანარჩუნებლად იყენებდა. ამის ფონზე მწიფდებოდა სერიოზული შეირაღებული კონფლიქტი ან ომი. აქედან გამომდინარე , 1992 წლის თებერვალში რადიო „თავისუფლების“ ( რუსულ რედაქცია) რედაქციას გადავეცი ვრცელი რეპორტაჟი იმის შესახებ, რომ გვიახლოვდება ომი! რომ აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე ე.წ. „ლიანდაგების ომი“ სულ რამდენიმე თვეში შესაძლოა გადაიზარდოს ნამდვილ შეიარაღებულ ომში თანმდევი უმძიმესი შედეგებით. ეს იყო ჩემი მიმართვა ყველასადმი (რადიო „თავისუფლებას“ იმ დროს თითმის მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირი), რომ აგვეცილებინა ომი. ამ რეპორტაჟმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და აფხაზეთის ა/ რ უმაღლესი საბჭოს სესიაზე ერთერთმა აფხაზმა დეპუტატმა შეატყობინა კოლეგებს ჩემი რეპორტაჟის შესახებ და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, თუ რის საფუძველზე გააკეთა თენგიზ პაჭკორიამ ეს განხცადება. მე, როგორც ჟურნალისტი ვესწრებოდი სესიას, ადგილობრივი ტელევიზიით მიმდინარეობდა სხდომის ტრანსლიაცია და ამ გამოსვლის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლებოდა. რეპლიკით ვუპასუხე „თუ მომცეთ ნებართვას, გიპასუხებთ აქვე“. სხდომა მიყავდა ვლადისლავ არძინბას (1945-2010 ), რომელიც 1990 წლის 4 დეკემბრიდან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო. თავიდან მან თქვა, რომ რეგლამენტი არ ითვალისწინებს სესიაზე ჟურნალისტების გამოსვლას, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის კითხა დარბაზს -მივცეთ თუ არა სიტყვა თ.პაჭკორიას? ორივე – ქართული და აფხაზური- ფრაქციების დეპუტატების თანხმობით მომცეს სესიაზე გამოსვლის საშუალება და დაახლოებით 5-6 წუთი ვისაუბრე, მოვახსენე ჩემი პოზიცია, რომ საჭირო იყო კონკრეტული ქმედებები ომის ასაცილებლად.
შესვენებაზე ჩემთან მოვიდა რამდენიმე აფხაზი დეპუტატი, მითხრეს „თენგო, არც ჩვენ გვინდა ომი, არ ინერვიულო, სიტუაცია რთულია, მაგრამ ომი არ იქნება, თუ საქართველო დსთ -ში შევა, ყველაფერი დამშვიდდება“. მე ვკითხე, თუ არ შევა საქართველო დსთ-ში, მაშინ რა იქნება?… ეს კითხვა უპასუხოდ დატოვეს.

არძინბა, შევარდნაძე, დსთ
რამდენიმე დღის შემდეგ მე და ჩემმა ქართველმა კოლეგებმა (საშა ბერულავამ და იოსებ გობეჩიამ) უმაღლესი საბჭოს შენობის დერეფანში ვნახეთ კარგ ხასიათზე
მყოფი ვ. არძინბა. ჩემ კითხვაზე “რა მოხდა ასეთი საინტერესო და კარგი, ჩვენც გაგვიმხილეთ“. მან მიპასუხა „როგორ, არ იცით რომ 7 მარტს შევარდნაძე მოსკოვიდან თბილისში ბრუნდება და ის იქნება საქართველოს ხელმძღვანელი“. მე ვკითხე „კი მაგრამ, რა გიხარიათ, თქვენ ხომ სსრკ სახალხო დეპუტატების ყრილობებზე(1989-1990 წწ) აკრიტიკებდით შევარდნაძეს?.. არძინბამ მიპასუხა: „იქ,ყრილობებზე,სხვა სიტუაცია იყო. ახლა კი შევარდნაძე ბრუნდება თბილისში. იმედია, საქართველო მისი ხელმძღვანელობით დსთ-ში შევა. თუ ეს მოხდა მე ვივლი თბილისში, შევარდნაძე ჩამოვა სოხუმში, იქნება ნორმალური სიტუაცია“. დამატებით კითხვაზე „თუ საქართველო არ შევა დსთ-ში,მაშინ რა მოხდება?“, არძინბამ მიპასუხა „ ვერ გეტყვით ზუსტად, რა მოხდება, თუმცა თქვენ ხომ იცით, მოსკოვს ძალიან უნდა, საქართველო დსთ-ს წევრი გახდეს, აჯობებს, საქართველო დროზე შევიდეს დსთ-ში“. ეს იყო საუბარი დერეფანში სესიის დაწყებამდე, რასაკვირველია, ამ საუბრისა და არძინბას ამ სიტყვების შესახებ (ეს ხომ ფაქტიურად კრემლის აზრი იყო) ვუთხარი რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს და კოლეგებს, ეს ინფორმაცია ჩემ მასალებში გამოვიყენე, რომ მეთქვა – სიტუცია მწვავდება და, თუ საქართველო დსთ-ში არ შევა ომი გარდაუვალია და ამისთვის რუსეთი „აფხაზურ ფაქტორს“ გამოიყენებს.
იმ დროისთვის სსრკ ყველა ყოფილი საკავშირო რესპუბლიკა საქართველოს გარდა (ბალტიისპირეთი სამი რესპუბლიკა არ შესულა დსთ-ში, კრემლს არც ჰქონდა ამაზე ღია პრეტენზია, რადგან მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მომხდარი შეთანხმების შედეგად ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს აქტიურად პატრონობდა დასავლეთი) უკვე იყო დსთ წევრი და რუსეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს დსთ-ში შესვლის საკითხი პრინციპული იყო. კრემლში თვლიდნენ, რომ საქართველო იმიტომ არ შედიოდა დსთ-ში, რომ მომავალში ნატოში ინტეგრაციას აპირებდა.
ომის დაწყებამდე ათი დღით ადრე -1992 წლის 4 აგვისტოს -სოხუმში
გაიმართა ვ.არძინბას პრეს-კონფერენცია – ეს იყო მისი ბოლო შეხვედრა სოხუმში ჟურნალისტებთან ომის დაწყებამდე. მე მივმართე მას შეკითხვა -რჩევით „ამ დაძაბულ ვითარებაში უმჯობესი იქნებოდა თქვენი გადადგომა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან, თქვენ ხომ მეცნიერი ხართ, კარგი იქნება თუ თქვენ დაუბრუნდებით მეცნირებას და ამით პოლიტიკური სიტუაცია გარკვეულ წილად განიმუხტება“. მცირე პაუზის შემდეგ არძინბამ ასეთი პასუხი გამცა – „თქვენ ძალიან გინდათ მივატოვო პოლიტიკური მოღვაწეობა და დავუბრუნდე მეცნიერებას, მაგრამ ამის დროს ჯერ არ მოსულა, მე კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი პოლიტიკაში“.
რასაკვირველია, არძინბას ფაქტორი არ იყო გადამწვეტი ომის დაწყება-აცილების საკითხში, იყო ბევრი სხვა მიზეზი და მომენტი, თუმცა ქართველი და ზოგიერთი აფხაზი პოლიტიკოსი თვლიდა, რომ არძინბას გადადგომა 1992 წლის ზაფხულში და მისი ჩანაცვლება ზომიერი აფხაზი პოლიტიკოსით შეარბილებდა სიტუაციას და შექმნიდა უკეთეს ფონს სიტუაციის განსამუხტავად.
სამწუხაროდ, 1992 წელს მრავალი ფაქტორის გამო ვერ მოხერხდა ომის აცილება. რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი ცდილობდა ომის აცილებას, მათ შორის ბატონი სოლიკო ხაბეიშვილი (1935-1995 ), რომელიც 1992 წლის ივლისში მშვიდობიანი მისიით ჩამოვიდა სოხუმში და შეხვდა გავლენიან ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებს სიტუაციის მოგვარების მიზნით . მან და მისმა კოლეგებმა აგრეთვე განახორციელეს გარკვეული ნაბიჯები,რომ დალაგებული იყო ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის, თუმცა ვერ მოხერხდა ომის აცილება.
რაც შეეხება 1992 წლის 14 აგვისტოს მოვლენებს, რამდენიმე დღით ადრე ჩემი წყაროებით (ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსისგან და თანამდებობის პირისგან) შევიტყვე, რომ შედგა შევარდნაძისა და არძინბას სატელეფონო საუბარი, რომლის დროს იყო მიღწეული შეთანხმება – 14 აგვისტოს ავტონომიის ტერიტორიაზე საქართველოს საჯარისო-საპოლიციო შენაერთების შეყვანაზე , რომლებიც აფხაზეთის ა/ რ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებთან ( ე.წ. «აფხაზურ გვარდიასთან») ერთად განახორციელებდნენ საკვანძო სატრანსპორტო მაგისტრალების კონტროლს. 11 აგვისტოდან გაგრაში ვიმყოფებოდი, იქ ყოფნის დროს გავიგე ამის შესახებ. დავურეკე სოხუმში რამდენიმე ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსს და სახელმწოფო სტრუქტურებში მომუშავე მოხელეებს, მათ ვუთხარი ჩემი აზრი – საჭიროა, ამ სატელეფონი შეთანხმების შესახებ ორივემ ერთად ( არძინბამ და შევარდნაძემ) ტელევიზიით განაცხადონ, რომ მოსახლოებამ იცოდეს ამის შესახებ და ეს თემა არ გახდეს სიტუაციის გამწვავების საბაბი. ამას იმიტომ ვამბობდი, რომ არ იყო გამორიცხული, რომ არძინბა სიტუაციიდან გამომდინარე 14 აგვისტოს იტყოდა, რომ ასეთ შეთანხმებას შევარდნაძესთან ადგილი არ ქონია. 1992-1993 წწ ომის დროს და შემგომ პერიოდში აფხაზურმა მოსახლეობამ ან არ იცოდა ამ შეთანხმების შესახებ ან არ სჯეროდა, რომ ნამდვილად იყო ასეთი შეთანხმება. ომის დამთავრების შემდეგ თითქმის ათი წელი იყო გასული, როცა არძინბას ნათესავმა ანრი ჯერგენიამ (1941-2020), რომელიც 1992-2001 წლებში აფხაზეთის ე.წ. პროკურორი და 2001-2002 წლებში არძინბას მთავრობის „პრემიერ- მინისტრი“ იყო, სოხუმში ერთერთ ინტერვიუში თქვა, რომ მან 1992 წელს, 14 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე არძინბას დავალებით დაურეკა შევარდნაძეს და სთხოვა საჯარისო-საპოლიციო შენაერთების აფხაზეთში შეყვანის თარიღი – 14 აგვისტოდან ცოტა მოგვიანებით გადაეწიათ. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებდა იმ ფაქტს, რომ აფხაზეთში საჯარისო-საპოლიციო შენაერთების შეყვანა შეთანხმებული იყო აძინბასთან (!).


ასე გამოიყურებოდა ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას სახლი სოხუმში 1993 წლის 21 თებერვალს

ომი
ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, გაგრძელდა 1993 წლის სექტემბრის ბოლომდე. სხვადასხვა მონაცემებით, ომის დროს დაიღუპა 17 ათასიდან 20 ათასამდე სხვადასხვა ეროვნებისა და ქვეყნის მოქალაქე. არსებული მონაცემებით, დაიღუპა საქართველოს შეაირაღებილი ძალების 4 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მილიციელი და მოხალისე, დაიღუპა 8 ათასზე მეტი ქართველი და ასობითი სხვა ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე . აფხაზური მხარის მონაცემებით ომის დროს დაიღუპა დაახლოებით სამი ათასი აფხაზი, მათ შორის 2 500 იყო შეიარაღებული ფორმირებების წევრი. ამის გარდა, ომში დაიღუპა დაახლოებით 3 ათასი ბოევიკი და ე. წ. „მოხალისე“ რუსეთიდან- რუსი,ადიღი, ყაბარდოელი, ჩეჩენი და სხვა ეროვნების სამხედროები,აგრეთვე ათეულობით ადიღურ-აფხაზური წარმოშობის ე.წ. «მოხალისე» თურქეთიდან, სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ომის დაწყებამდე აფხაზეთში ცხოვრობდა 550 ათასი ადამიანი, რომელთა 47 პროცენტს ქართველები შეადგენდნენ. ომის შედეგად დაახლოებით 400 ათასი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი (ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 75 პროცენტი) იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური კუთხე და მოეძებნათ თავშესაფარი საქართველოს სხვა რეგიონებში და სხვა ქვეყნებში- უკრაინაში, რუსეთში, საბერძნეთში, ისრაელში, გერმანიაში,აშშ-ში,იტალიაში,ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში,ბელარუსში და ა.შ. ძნელია იმის თქმა, რის ხარჯზე შეიძლებოდა ომის აცილება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვერ მოხერხდა. გარე და შიდა ძალებმა მოახერხეს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა. ეს იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, მოსკოვი ცდილობდა საქართველოს დსთ-ში შეყვანას და კრემლის პოლიტიკური ორბიტის არეალში შენარუნებას და ამისთვის იყენებდა „აფხაზურ ფაქტორს“.

გენერალი კონდრატიევი
1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში სოხუმში ჩამოვიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი გიორგი კონდრატიევი. იგი სოხუმში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებმა, ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკის ე. წ. „მოხალისეებმა“ და აფხაზური შენაერთების გაერთიანებულმა ძალებმა ოქტომბრის დასაწყიში შტურმით აიღეს გაგრა და საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი ამ ულამაზეს ქართულ ქალაქზე. სოხუმში სახელმწიფო აგარაკზე კონდრატიევი შეხვდა შევარდნაძეს, გამართა საუბრები სხვა პირებთანაც. შეხვედრებიდან გამოსულ კონდრატიევს ვკითხე „ მალე სოხუმის აღებასაც
შეეცდებით, ალბათ, როგორ შეიძლება გავაჩეროთ ეს ომი?“ მან მიპასუხა -„თუ
საქართველოს ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას დსთ-ში შესვლის შესახებ
ან გააკეთებს განცხადებს, რომ აპირებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ
ადვილი იქნება ომის შეჩერება და საქართველოს ერთიანობის შენარჩუნება“.
ამ საუბარს ესწრებოდა ჩემი კოლეგა, ცნობილი სოხუმელი ჟურნალისტი და საქართველოს ერთგული შვილი ალექსანდრე ბერულავა. კონდრატიევის ასეთი პასუხის შესახებ იქვე სოხუმში სახელმწიფო აგარაკზე ვუთხარით რამდენიმე მაღალჩინოსანს და შევარდნაძეს ერთერთ თანაშემწეს,რომლის დახმარებით მოვახერხეთ მოკლე საუბარი შევარდნაძესთან. მან გვიპასუხა: „ბიჭებო, დამშვიდით, არ ინერვიულოთ, ჩვენ გავაძლიერებთ სოხუმის დაცვას. რაც შეეხება დსთ-ში შესვლას, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას და საზოგადოებას არ მოეწონება ეს იდეა, რომლის შესახებ მეც მესაუბრეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები“. ბევრი გარე და შიდა ფაქტორის გამო იმ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება და პოლიტელიტის დიდი ნაწილი არ იყო მზად დსთ-ში შესვლის გადაწყვეტილება მიეღო. რასაკვირველია, დსთ-ში შესვლა არ იყო ყველა პრობლემის გადაწყვეტის პანაცეა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, ამით შეიძლებოდა ომის შეწყვეტა და დასავლეთის მხარდაჭერით რუსეთთან რთული ურთიერთობის გადაყვანა მოლაპარაკების ფორმატში.
ვინც საკითხის დეტალებში არ არის ჩახედული ან კონკრეტული თარიღები არ ახსოვს, იკითხავს – „ხომ შევიდა საქართველო დსთ-ში და გამოსწორდა ამით რამე?“ -„კი, ბატონო, შევიდა, მაგრამ – როდის?“ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში უდიდესი პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედია დატრიალდა, დაეცა სოხუმი, 27-30 სექტემბერს დავკარგეთ კონტროლი აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე (კოდორის ხეობის გარდა). ამ ტრაგედიის შემდეგ გასული იყო ერთ თვეზე მეტი, სამოქალაქო შეარაღებულმა დაპირისპირებამ დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, იმერეთი, გურია) 1993 წლის ოქტომბერში -ნოემბრის დასაწყისში კულმინაციას მიაღწია, მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ საქართველო განიხილავს დსთ-ში შესვლის საკითხს, ეს პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა.
არსებობს აზრი, რომ დსთ-ში 1992 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში რომ შევსულიყავით, შესაძლოა 1992-93 წწ ომი აგვეცილებინა და შეგვენარჩუნებინა საქართველოს ერთიანობა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დსთ-ში უფრო ადრე შესვლა მაინც ვერ შეაჩერებდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
რუსეთ -საქართველოს ომის დაწყებიდან გავიდა 28 წელი, რომელმაც დიდი ადამიანური, პოლიტიკური, ეკონომიკური ზიანი მიაყენა საქართველოს, მათ შორის ჩემ ოჯახს: 1993 წლის 20 თებერვალს გვიან საღამოს რუსეთის სამხედრო ავიაციის მოირიშე თვითმფრინავის მიერ სოხუმის ერთერთი საცხოვრებელი უბნის ავიადაბობმვის შედეგად დაიღუპა მამაჩემი, 56 წლის ბოჩია პაჭკორია, დედაჩემმა, 53 წლის ნანული ქაჯაიამ კი მიიღო 16 ჭრილობა, დაჭრილი იყო რამდენიმე მეზობელი და ამ სტრიქონების ავტორიც….
მიუხედავად ამ ომის უმძიმესი შედეგებისა მთლიანად საქართველოსთვის, მიუხედავად დიდი ტკივილისა და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციისა, არასოდეს დამიკარგავს რწმენა, რომ საქართველო აუცილებლად გაერთიანდება მშვიდობიანი გზით. ამის რეალური შანსები იყო და არის.

თენგიზ პაჭკორია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
————————–

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 13, 2020 19:51