გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ავტოავარიისას დაშავებული სამხედროების მდგომარეობა, რომლებიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან მოთავსებული, დასტაბილურდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაშავებულ სამხედროებთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი იმყოფება.

გიორგი ბუთხუზის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად კონტროლირებადია და ექვემდებარება მკურნალობას. რადენიმე სამხედრო მოსამსახურე მალე დატოვებს ჰოსპიტალს და სამხედრო ნაწილს დაუბრუნდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე გუშინ მოხდა, რა დროსაც ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, 37 მათგანი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” კანდიდატი თამაზ ნავერიანი გამარჯვებაში დარწმუნებულია
შემდეგი სტატიადამკვირვებელი: კაბინაში შესულ ქალბატონს მხოლოდ თვალი ჩავუკარი