გოჩა მირცხულავა : „ოცნების“ ის ნაწილი, ვინც პრემიერობის კანდიდატს ებრძოდა, მალე ფეხქვეშ გაეგება“

„გახარიას  პრემიერად წარდგენა ოპოზიციის დამსახურებაა“

რა შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ, რატომ ვერ გამოხატავს ის ხალხის განწყობას, რატომ წარადგინა ივანიშვილმა გახარია პრემიერობის კანდიდატად, რატომ ვერ იტანენ პრემიერობის კანდიდატს „ოცნებაში“, შეიცვლება თუ არა საქართველოს საგარეო კურსი? – ამ თემებზე ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა „თაიმერს“ ესაუბრება.

-ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რამდენიმე თვეა რაც  გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვს. ივანიშვილმა ის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. „ოცნების“ ლიდერი “გვეკაიფება”, თუ რამე სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე?

_ ის რაც ახლა ხდება, ეს ახალი ამბავი არ არის. ეს ხელისუფლების თვისება გახლავთ. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ყველაფერს აკეთებს, რათა ხალხის თვალში სუსტად არ წარმოჩნდეს. მსგავსი მაგალითები წინა ხელისუფლების პირობებშიც გვქონდა. 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიცია რომ არ დაერბიათ, სააკაშვილს აუცილებლად გადააყენებდა ხალხი. ძალის დემოსნტრირებამ განაპირობა ის, რომ 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მართალია საეჭვო, მაგრამ მაინც გამარჯვება მოიპოვა.ძალის დემონსტრირება ხელისუფლების თვისებაა, მას მართვაში მორალი არასდროს არ შემოჰყავს და პოლიტიკური  პასუხისმგებლობის თემასაც აიგნორებს ხოლმე. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ძალიან დიდი ტვირთი ხდება მმართველი ძალისთვის. ნაციონალური მოძრაობა, როცა სჭირდება ლაპარაკობს შეცდომებზე, მაგრამ არც მათ აუღიათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 2012 წლის არჩევნებზე მარცხი ასე გაამშვენიერეს – ჩვენ ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთო, სამაგიეროდ სიტყვა არ უთქვიათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არავის სურს, სამაგიეროდ პოლიტიკური უპასუხისმგებლობა იქცა ჩვეულებრივ მოვლენად. პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გამოვლინება იყო 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეც. ამ ღამეზე მხოლოდ გახარიასკენ ისრების მიმართვაც არ იქნება სწორი. ამ ღამეზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „ოცნების“ სხვა ლიდერებმაც, რომლებმაც პროტესტის ანატომია ვერ გაზომეს და იმასაც კი ვერ მიხვდნენ რეალურად რა ხდებოდა. 20-21 ივნისის ღამეს, როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. მმართველი პარტიის ლიდერებს პროტესტის ანატომია რომ გაეთვალისწინებინათ, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა.  თავისუფლად შეიძლებოდა ეს ღამე საამაყო გამხდარიყო, როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ასევე ოპოზიციისთვის. ჩვენ შეგვეძლო იმ ღამეს ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოწვევების წინაშე კონსოლიდირებულები არიან. ხელისუფლების  ბუნებიდან გამომდინარე – აჩვენოს ხალხს თავისი ძალა – არ  მიკვირს, რომ ივანიშვილმა გახარია წარადგინა პრემიერის პოსტზე.

– ეს მხოლოდ ძალის დემონსტრირების მიზნით მოხდა?

– პოლიტიკა პოლიტიკისგან და მორალისგან მთლიანად დაცლილია, შესაბამისად მთავარია ხელისუფლებამ ხალხს თავისი ძალა დაანახოს.  გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენით მოხდა როგორც ძალის დემონსტრირება, ასევე იმის ხაზგასმა, რომ რაც 20-21 ივნისის ღამეს მოხდა იყო გამართლებული. ამ ღამის სამართლებრივი შეფასება ჯერ არ მომხდარა შესაბამისად ბევრს რამეზე საუბარი ძალიან ძნელი იქნება, თუმცა თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ დღეს რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. წინა ხელისუფლების დროსაც გვინახავს დაწინაურებული მოძალადე მინისტრები.

_-ვანო მერაბიშვილი გყავთ მხედველობაში?

-დიახ. ისაც შს მინისტრობიდან გადაიყვანეს პრემიერად. მას 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევის ფაქტებზე ბრალიც აქვს წაყენებული. ასე რომ ახალი არაფერი ხდება. გახარიას პრემიერად წარდგენა არის ხელისუფლების ძალადობრივი ბუნების პოლიტიკური დემონსტრირება. აქ ზედმეტი რაღაცების ჩიჩქნა და ქექვა აზრს მოკლებულია.

-რატომ არის აზრს მოკლებული?

-იმიტომ რომ 20-21 ივნისის ღამეს პრემიერობის კანდიდატმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ „ოცნების“ ინტერესების დაცვაც. აქედან გამომდინარე „ოცნების“ მმართველობის პირობებში ის იმსახურებდა იმას, რომ გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი.

– თუმცა „ოცნებაში“ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ მის გადადგომას ითხოვდნენ. მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრებიც.

– შექმნილი ვითარებიდან იდეალური გამოსავალი იქნებოდა, თუ გახარია გადადგებოდა. ამ უკანასკნელისთვის პრემიერად გადასვლა პოლიტიკურად დამაზიანებელი იქნება. მას ყოველთვის წამოაძახებენ 20-21 ივნისის სისხლიან ღამეს, პანკისს. ია კერზაიას და ზვიად რატიანის საქმეებს. წამოაძახებენ სარალიძის საქმესაც, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის მიყვანილი. რაკი გახარია პრემიერად არის წარდგენილი, ეტყობა „ოცნებამ“ რისკები გათვალა, ან უბრალოდ ძალის დემონსტრირებას ახდენს. ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია,. როგორ შეხვდება დასავლეთი ამ ადამიანის პრემიერად არჩევას. მომავალმა მთავრობამ დასავლეთი უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოს არ გადაუხვევია საგარეო კურსიდან და ისევ ევრო-ატლანტიკურ გზაზე ვდგავართ.

– ოპოზიცია როგორ შეეგუება გახარიას გაპრემიერებას? ისინი ხომ რამდენიმე თვე ითხოვდნენ მის გადაყენებას?

– ოპოზიცია ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ პრობლემებს ვერ შეუქმნის. ყველა პარტიას აქვს თავისი დღის წესრიგი, თუნდაც იგივე არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. მათი მსოფლმხედველური ბრმა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ჩამორჩენილია თანამედროვე მოთხოვნებს. სიმართლე გითხრათ, ისინი ასე რომ არ გაჯინიანებულიყვნენ, გახარია გადადგესო, შესაძლოა სხვა ყოფილიყო პრემიერობის კანდიდატი.

– გახარიას გადადგომის მოთხოვნა უცნაურად მთავრდება ხოლმე. გასულ წელსაც ითხოვდნენ მის გადადგომას და მის ნაცვლად პრემიერ კვირიკაშვილს მოუწია სახლში წასვლამ.

_ ოპოზიცია მიხვდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მათი მთავარი მიზანი არის გიორგი გახარია და ამიტომ ითხოვენ მის წასვლას. მმართველი გუნდის ზედა ეშელონებში მე პირადად პოლიტიკოსს ვერ ვხედავ. ბახტაძე და კვირიკაშვილიც ვერ ჩამოყალიბდნენ პოლოტიკოსებად. ვიღაცები კალაძეს მიიჩნევენ პოლიტიკოსად, მაგრამ არც ისაა პოლიტიკოსი.

_-გახარია პოლიტიკოსია?

– სხვებზე ერთი თავით მაღლა დგას და ის შეიძლება გახდეს პოლიტიკოსი. ოპოზიციამ კარგად  დაინახა ეს საფრთხე და ამიტომაც დაიწყეს მის წინააღმდეგ პერსონალური ბრძოლა.პერსონალური ბრძოლა დამთავრდა იმით, რომ დღეს ეს ადამიანი არის პრემიერობის კანდიდატი. 20-21 ივნისის ღამესთან მიმართებაში მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო. ოპოზიცია თუ მთავრობის გადაყენებას მიაღწევდა, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ქულას ჩაიწერდა. მარტო შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, ოპოზიციას მის გაპრემიერებად დაუჯდა. არ მინდა სხვა რაღაცებზეც ვილაპარაკო და ვთქვა, რატომ მიდიოდა მის წინააღმდეგ პერსონალური ბრძოლა.

-თქვენ თუ არ ამბობთ, მე გკითხავთ, რატომ ებრძოდნენ მას პერსონალურად მასთან ვერ დაალაგეს?

-დალაგების მომენტი არ იყო, გახარია იყო მათთვის მთავარი მიზავი. ხედავდნენ რომ ამ ადამიანს ჰქონდა რაღაცა სახის პერსპექტივა და ამიტომ სცადეს მისი მოშორება.

_ ოპოზიციის გარდა, გახარიას მოშორება ბევრ მეოცნებესაც სურდა. მათ რა ამოძრავებდათ?

_ მე არ მიკვირს, რომ მათაც უნდოდათ გახარიას მოშორება. უნდოდათ იმიტომ. რომ ის ანგარიშგასაწევი ფიგურაა და მიღებული კაცია ივანიშვილის კარზე. მან „ოცნებაში“ არსებულ დაჯგუფებებს რაღაც პრობლემებიც შეუქმნა. ვერ მოიშორეს და ახლა ეს ჯგუფები მას ფეხქვეშ გაეგებიან.

_ ვაზელინი უკვე წასმული აქვთ.

– სხვა რა გზა აქვთ. ისევ ოპოზიციის მოთხოვნას დავუბრუნდები, რომელიც ამბობს რომ საქართველოს შავი დღე ივანიშვილმა გაუთენა და ყველაფერი მისი ბრალია. და ამ დროს მხოლოდ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს სვამენ. ამას პოლიტიკური ბრძოლა აღარ ჰქვია. ეს უფრო პოლიტიკურ გარიგებას ჰგავს. ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ყველა ბრძოლა წააგო. გაგახსენებთ რა ხდებოდა ყოველი არჩევნების წინ _ ოპოზიცია გვპირდებოდა, რომ თითოეულ ხმას დაიცავდა. არჩევნების მეორე დღიდან არავინ არაფერს არ აპროტესტებს. მათი წარმომადგენლები იმ ოქმებსაც აწერენ ხელს, რომლითაც არჩევნების შედეგები დგინდება. ოპოზიცია ან ბრიყვია, ან ვირეშმაკულ თამაშს თამაშობს. ის ერთმნიშვნელოვნად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ „ოცნების“ ცუდი ვიზავია და არ არის ოპოზიციურად განწყობილი ხალხის ლიდერი. ოპოზიციის ქმედებები ნაკლებად მაინტერესებს, ახლა მთავარია რა ბედი ეწევა ქვეყნის საგარეო კურსს.

– თქვენი აზრით, რა ბედი ეწევა?

-ამას დრო გვიჩვენებს. ჩემი აზრით, ევროატლანტიკურ კურსს შეიძლება საფრთხე შეექმნას.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში„ევრონიუსი“ – გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა
შემდეგი სტატიაესპანელი მოცეკვავე ხუანა გარსია სცენაზე ათასობით მაყურებლის თვალწინ გარდაიცვალა