GMC: მკვლელობაში ბრალდებული შსს ჩინოვნიკის მეუღლის ფირმამ 49 მილიონის ტენდერები მოიგო

არასამთავრობო ორგანიზაციის, ფლანგვის დეტექტორის მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი შსს ჩინოვნიკის მეუღლის კომპანიამ 49 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო.

ორგანიზაციის მიხედვით, შპს გზამშენი-2005-ის მეწილე, გარდა იმისა, რომ ვანო ზანდარაშვილის მეუღლეა, მმართველი პარტიის შემწირველი გახლავთ და ქართულ ოცნებისთვის 30 000 ლარი აქვს ჩარიცხული. კომპანია ტენდერებს ძირითადად კახეთიდან იგებს და ამ რეგიონიდან სულ 23 მილიონ ლარზე მეტი აქვს წამოღებული, საიდანაც 15 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ თელავზე მოდის. კომპანიამ 38 ტენდერი (15 მლნ) უკონკურენტო გარემოში მოიგო, 14 ტენდერი (5 მლნ-მდე) კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე, 40 შესყიდვა (3 მლნ) კი გამარტივებული გზით, უტენდეროდ მიიღო.

გზამშენი-2005 ელექტრონულ შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს. კომპანიას ამჟამად ორი მეწილე ჰყავს – ტარიელ ლაჩაშვილი და სოფიო ლაჩაშვილი. ეს უკანასკნელი ქართული ოცნების შემომწირველია. 2017 წლის 13 სექტემბერს სოფიო ლაჩაშვილმა მმართველ გუნდს 30 000 ლარის ოდენობით თანხა გადაურიცხა. იგი ყოფილი მაღალჩინოსნის ვანო ზანდარაშვილის მეუღლეა, ეს უკანასკნელი კი 2020 წლის 25 დეკემბერს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. თვითმხილველთა გადმოცემით, მაღალჩინოსანმა საჩიშვილს 6-ჯერ ესროლა. ინციდენტის დროს დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენიშვილი.

სულ კომპანიას ბიუჯეტიდან 52,505,284 ლარის ხელშეკრულებები აქვს მიღებული.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური საბჭო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.