გიორგი ვაშაძე: სააკაშვილმა იცოდა, რომ პარტიიდან წასვლას ვაპირებდი

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ იგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. მის ამ გადაწყვეტილებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

ტელეკომპანია „პირველი TV“-ს ეთერში კი დღეს ვაშაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი გადაწყვეტილების გაცხადებამდე, საქმის კურსში იყო:

„სააკაშვილთან არცერთი შეხვედრის დროს ჩემი პოზიციები არ დამიმალავს, მქონდა მასთან ღიად საუბარი ჩემს განწყობებთან დაკავშირებით, მან ნამდვილად იცოდა იმ განცხადების შესახებ, რის გაკეთებასაც ვაპირებდი. ვინც არის პარტიაში ძირითადი ფიგურა, ყველამ იცოდა ჩემი განწყობები და დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, იგი არასდროს არავითარ კითხვას არ გაქცევია და არც ახლა გაექცევა პასუხისმგებლობას:

„მე ვიყავი იქ, სადაც ვიყავი, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, არცერთ კითხვას არასდროს არ გავქცევივარ, ახლა კონცენტრირება მაქვს მომავალზე. ადამიანებს სჭირდებათ, რომ გაუჩნდეთ განწყობა იმაზე, რომ ქვეყანა შეიძლება ფეხზე დადგეს“, – დასძინა მან.

სააკაშვილმა საკუთარ განცხადებაში პარტიიდან წევრების „ხმაურიანი წასვლა ოლიგარქ ივანიშვილის თამაშს“ დაუკავშირა:

„მიმაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში.

ივანიშვილი დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა, ვერ შეძლო. ამიტომ, ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს.

ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ძირფესვიანად განახლებული საპარლამენტო სიის განხილვა. შემდეგ კი ამის ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვისა და მთლაინად საქართველოსთვის წარდგენა. მჯერა, რომ ამ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) ირაკლი ალასანია ქუჩის აქციებს აანონსებს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს დაგლას ბოლს შეხვდა