გიორგი ვაშაძე: კარს მიღმა ყრილობები უნდა დასრულდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ ღია ცის ქვეშ შეკრება

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე პოლიტიკური პლატფორმის – “ახალი საქართველოს” პრეზენტაციას მართავს.

რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილი არიან ღონისძიების მონაწილეები, თუმცა უამინდობის გამო პრეზენტაცია ფერხდება.

გიორგი ვაშაძის თქმით, დამფუძნებელი შეკრების მთავარი პრინციპია ღიაობა და გახსნილობა. მისივე თქმით, უნდა დასრულდეს კარს მიღმა ყრილობები, ამიტომ გადაწყვიტეს ღია ცის ქვეშ შეკრება.

“გვინდა, საქართველო გავაერთიანოთ, გვინდა, ბოროტება დავამარცხოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს გამთლიანებაში. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩვენი მხარდამჭერები მოდიან. ჩემი პოლიტიკური გეგმაა, რომ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდეს პოლიტიკაში. პოლიტიკური კლასი მოძველდა, ხალხსაც მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანები. ეს ნაბიჯი გადავდგი იმისთვის, რომ კარი გავუხსნა ძალიან ბევრ ნიჭიერ, გონიერ,განათლებულ ადამიანს, მთავარია დეები, რის გარშემოც უნდა შეიკრიბონ ადამიანები და არა – ნათესაობა, ბიძაშვილობა, ერთგულება და მონური მორჩილება”,-აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, სამოქალაქო პლატფორმა ნიშნავს სრულიად ახალ მართვის ფორმას პოლიტიკაში.

“ეს ნიშნავს, რომ ყველას აქვს თითო ხმა, ყველა იღებს საერთო გადაწყვეტილებას, რომ საერთო პრობლემა დავამარცხოთ”,-აღიშნა მან.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრები ოფიციალურად დააფუძნებენ პლატფორმას, საარჩევნო სიის წევრები, მაჟორიტარების კანდიდატები კი, შეირჩევიან პრაიმერის გზით.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღეიდან იწყებენ კონსულტაციებს ყველა პროდასავლურ ძალასთან, რათა შეადგინონ საარჩევნო პროგრამა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზი სეპარატისტებისგან დახვრეტილი გურამ გაბესკერიას ვაჟი ივანიშვილს დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს