გიორგი მარგველაშვილმა მოწმეთა დაკითხვისა და საპოლიციო გამოსახლების წესთან დაკავშირებულ კანონებს ხელი მოაწერა

მე გავუუცხოვდი

საქართველოს პრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღების შესახებ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტა, კანონის ამოქმედების შემდგომ მოწმის დაკითხვა და მოწმის მიერ ჩვენების მიცემა ნებაყოფლობითი ხდება, რაც დადებითი მომენტია, ვინაიდან სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მოწმე მხოლოდ სასამართლოს წინაშე დაიკითხება.
“რამდენიმე დანაშაულზე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ისევ გადავადებულია და მათი სრულყოფილად ამოქმედება მოგვიანებით მოხდება. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ კონკრეტულ დანაშაულებებზე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ხელახალი გადავადება აღარ მოხდება და დასრულდება ის პერმანენტული გადავადებები, რაც ამ კანონთან დაკავშირებით ხდებოდა”, – განაცხადა საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ასევე, საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმებასთან დაკვშირებულ კანონთა პაკეტს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, რომ ცვლილებების მიხედვით, ხდება საპოლიციო წესით გამოსახლების ჩანაცვლება სასამართლო წესით.
“მიგვაჩნია, რომ ეს სამართლებრივი სახელმწიფოს და ეროვნული მართლწესრიგის იდეის დამკვიდრებას და გაძლიერებას ემსახურება და ასევე ითვალისწინებს ევროპული სტანდარტისა და პრაქტიკის შემოღებას.
თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკითხებზე, რომელიც კერძო სექტორისა და ბიზნესისათვის დიდი მგრძნობელობით და მნიშვნელობით გამოირჩევა, აუცილებელია საკითხის დაყენებისთანავე მოხდეს მათ წარმომადგენლებთან კონსულტაციები, რათა კანონის მიღების შემდეგ გარკვეული კითხვები აღარ ისმებოდეს”,- აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: იმედი მაქვს, რომ თქვენი პრემიერობის დროს სიძულვილის პოლიტიკა შეიცვლება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: პაატა ზაქარეიშვილს ძალიან კარგი იდეები აქვს