გიორგი კვირიკაშვილმა ფედერიკა მოგერინს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2016 10:20

გიორგი კვირიკაშვილმა ფედერიკა მოგერინს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში დემოკრატიული რეფორმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის ძირითადი თემები ვიზების ლიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები იყო.

გიორგი კვირიკაშვილმა ფედერიკა მოგერინის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

“აღინიშნა, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება საქართველოს დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.
საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზებს და ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.

მხარეებმა ისაუბრეს “ერთიანი მხარდაჭერის ჩარჩოზე”, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი საქართველოს რეფორმების განხორციელებისთვის დახმარებას გაუწევს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის დახმარება ორიენტირებული იქნება კერძო სექტორზე, რათა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს”, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების თემები და არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2016 10:20