გიორგი კვირიკაშვილი: ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია

ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია, – შესაბამისი კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ”რესპუბლიკელ” მინისტრებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას გააკეთა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი მინისტრების საკითხს ცივილიზებულად გადაწყვეტს.
”როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა ”რესპუბლიკელ” მინისტრებთან, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე, ასევე იმაზე, როდის ჩაერთვებიან ისინი აქტიურად წინასაარჩევნო კამპანიაში. ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა სავარაუდოდ მოითხოვს მათი მხრიდან მინისტრის პოსტების დატოვებას, თუმცა ეს კონკრეტიკაში, თითოეულ მინისტრთან მიმართებაში გადაწყდება. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, იგი უნდა გაემგზავროს ვარშავის სამიტზე. მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდი ჩვენ ერთად გავიარეთ და მისი დასწრება ვარშავის სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ, ვნახოთ, ამაზე ვისაუბრებთ და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოგირდის აბანოების ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა GWP- ს ოფისთან აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაპრემიერი – ასეთი წერილი ყველას სჭირდება, ის ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო